აფხაზური ენა (თვითსახელწოდება აფსუა ბჇზშია; სხვა ხალხთა ენებში გამოყენებულია ქართ. ფუძიდან მომდინარე სახეობა), იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ჩრდილო-დასავლური, აფხაზურ-ადიღური, ჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად აფხაზეთში. ა. ე-ის ხმოვანთა სისტემა მეტად მარტივია: არის ორი ძირთადი ხმოვანი ‒ ა. და ე. წ. ირაციონალური (ნეიტრალური) Ⴧ, დანარჩენი ხმოვნები ‒ ე, ი, ო, უ მიღებულია პოზიციურად (დიფთონგური ბუნებისა). თანხმოვანთა სისტემის მიხედვით ა. ე. იბერიულ-კავკ. ენათა შორისაც კი ყველაზე რთულად ითვლება. ქართულის მსგავსად, ახასიათებს მკვეთრები, რის საფუძველზეც იქმნება ხშულთა და იშვიათად მეორეულ სპირანტთა სამეულებრივი სისტემა. გვხვდება ფარინგალური და ლარინგალური თანხმოვნები. ხშულთა და სპირანტთა რიგებში გამოიყოფა რბილი და ლაბიალიზებული სახეობები, შიშინა სიბილანტებში გაირჩევა მაგარი ვარიანტები. რიგ შემთხვევაში თანხმოვანთა სიმრავლე მეორეული ჩანს, ზოგჯერ კი (ფარინგალურ-ლარინგალური რიგები) შეინიშნება წინანდელი რთული სისტემის გამარტივება. ფონეტ. პროცესთაგან ძალზე გავრცელებულია ხმოვანთა ასიმილაცია და რედუქცია. მახვილი ინტენსიურია და არაფიქსირებული. მთელ რიგ შემთხვევებში გამოვლენილია მახვილის დასმის კანონზომიერებანი.
ა. ე-ის მორფოლ. ტიპი ძირითადად აგლუტინაციურია. სახელს არა აქვს ბრუნვის სისტემა, შეინიშნება მხოლოდ ჩანასახები. საგანგებო აფიქს-ნაწილაკების მეშვეობით იწარმოება ვითარებით-გარდაქცევითი ფორმა, ზოგ შემთხვევაში ‒ მოქმედებითი. ნათ. ბრ. ნაცვლად სახელთა შორის დამოკიდებულება გამოიხატება კუთვნილებითი პრეფიქსებით საზღვრულ სახელში. ბრუნვის აფიქსთა მაგივრობას ასრულებს ორი ძირითადი დ- და ლ-რიგის პირ-კლასის პრეფიქსები და მათი განლაგების წესი ზმნაში. ამავე წესით განისაზღვრება ზმნის გარდამავლობა-გარდაუვალობა და ამის კვალობაზე ერგატიული კონსტრუქცია (მოთხრ. ბრუნვის უქონლობის ვითარებაში).
პრინციპულადაა გამორიცხული აკუზატივის არსებობა. სახელს აქვს განსაზღვრული და განუსაზღვრელი ფორმები, რიცხვისა და კუთვნილების კატეგორიები, სუსტად არის განვითარებული თანდებულთა სისტემა. შესაბამის ფუნქციას გამოხატავს ზმნური პრევერბები, რ-ებიც სახელთაგან უნდა მომდინარეობდეს. თვლის სისტემა ოცობითია. სახელთა „ვინ“ და „რა“ ჯგუფის გრამატ. კლას-კატეგორიები გარჩეულია სემანტიკურად და ზოგ შემთხვევაში ‒ მორფოლოგიურადაც (ზმნის პირ-კლასიანი ფორმები, სახელის მრ. რ. ფორმა, რიცხვითი სახელები). ზმნის ფორმათა წარმოებას ახასიათებს პრეფიქსაცია. ზმნა იუღვლის როგორც პირის, ისე „ადამიანისა“ და „ნივთის“ გრამატ. კატეგორიათა მიხედვით. ზმნა პოლიპერსონალურკლასოვანია. გამოიხატება გრამატ. სუბიექტისა და გრამატ. ობიექტის პირ-კლასი (გარდამავალ ზმნათაგან ნაწარმოებ ზოგ ფორმაში შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი სუბიექტის ნიშანი). ზმნაში ასახულია გრამატ. კლასის, პირის, რიცხვის, კაუზატივის, პოტენციალისის, ქცევის, უარყოფის, ასპექტის, სტატიკურობა-დინამიკურობის, დროის, კილოს, კითხვის, მოდალობისა და სხვა კატეგორიები. გვარის კატეგორია არ მოეპოვება, შეინიშნება მხოლოდ ჩანასახები. როგორც ა. ე-ის სპეციფ. მოვლენა, აღსანიშნავია ზმნის ფინიტური და ინფინიტური წარმოებები. დამოკიდებული წინადადებები და მათი კავშირები ა. ე-ს არა აქვს. მათ როლში გამოდის ზმნის ინფინიტური ფორმა სათანადო საგარემოებო ნაწილაკებითურთ.
ძირები, ჩვეულებრივ, მარტივია (ერთმარცვლიანი, ცალთანხმოვნიანი). სავარაუდებელია ფუძეთა გაცვეთილობა, რის ნიადაგზეც არის ძირითადად წარმომდგარი ომონიმია. ლექსიკაში შეინიშნება ქართველურ, ადიღურ და სხვა ენათა გავლენა. ბოლო წლებში ა. ე-ს რუს. ენის მეშვეობით შეემატა მრავალი სიტყვა. აქვს ორი დიალექტი ‒ აბჟუური და ბზიფური. ბზიფური დიალექტი აბჟუური დიალექტისაგან უმთავრესად სისინ-შიშინა სიბილანტთა არსებობით გამოირჩევა.
სალიტ. ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი (შედარებით მარტივი ფონეტ. სისტემისა). ა. ე. ახალდამწერლობიანი ენაა. აფხ. ანბანი პირველად შეიქმნა რუს. გრაფიკის საფუძველზე 1862. ანბანი რამდენჯერმე შეიცვალა: 1926–28 მოქმედებდა ნ. მარის ანალიტიკური ანბანი, 1928–38 ‒ ლათინიზებული, 1938–54 ‒ ქართ. ანბანი, 1954-იდან ‒ ძირითადად რუს. გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ანბანი.
თავდაპირველად იბეჭდებოდა საანბანო და სას. ხასიათის წიგნები, პოპულარული ბროშურები. 1920-იანი წლებიდან ფართო გასაქანი მიეცა აფხ. მწერლობასა და მწიგნობრობას. ა. ე-ზე მიმდინარეობს სწავლება სკოლაში, უმაღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტში), გამოდის გაზეთები და ჟურნალები, მოქმედებს რადიო- და ტელეგადაცემები. მუშაობს თეატრი და სხვ.
ლიტ.: ლომთათიძე ქ., აფხაზური ენის ტაპანთური დიალექტი (ტექსტებითურთ), თბ., 1945; მისივე, აშხარული დიალექტი და მისი ადგილი სხვა აფხაზურ-აბაზურ დიალექტთა შორის (ტექსტებითურთ), თბ., 1954; მისივე, აფხაზური და აბაზური ენების ისტორიულ-შედარებითი ანალიზი, ტ. 1 – ფონოლოგიური სისტემა და ფონეტიკური პროცესები, თბ., 1976; მისივე, ლოკალურ პრევერბთა ძირითადი სახეობანი და მათი გაფორმება აფხაზურსა და აბაზურში, თბ., 1982; ციკოლია მ., აფხაზური ენის აბჟუური დიალექტი, თბ., 1969; მისივე, სიტყვათა რიგი აფხაზურ ენაში, თბ., 1973; ჯანაშია ბ., აფხაზურ ქართული ლექსიკონი, თბ., 1954; ჯანაშია ს., შრომები, [ტ.] 3–4, თბ., 1959–68. გვანცელაძე თ., აფხაზური ენა,: სტრუქტურა, ისტორია, ფუნქციონირება, თბ., 2011; Апсуа бызшее აფხაზური ენა დამწყებთათვის, სახელმძღვანელო, შმდგ.: (გვანცელაძე თ., ამიჭბა-მარღანია რ., ოსია კინწურაშვილი ი)., თბ., 2018.