ასირიოლოგია, აღმოსავლეთმცოდნეობის დარგი, რ-იც ვიწრო მნიშვნელობით შეისწავლის ბაბილონისა და ასურეთის ცივილიზაციას. ეს ტერმინი ფართო გაგებით გულისხმობს ძვ. წინა აზიის იმ ხალხების ისტ., ენისა და კულტ. კვლევას, რ-თა წერილობითი ძეგლები ლურსმული ანუ სოლისებრი დამწერლობით არის შესრულებული. საქართველოში ა-ის ფუძემდებელია ცნობილი საზ. მოღვაწე და სწავლული მიხეილ წერეთელი, რ-მაც ჯერ კიდევ 1912 კრებულ „გვირგვინში“ გამოაქვეყნა ვრცელი ნაშრომი „სუმერული და ქართული“, მასვე ეკუთვნის გამოკვლევები ურარტულ ენაში, ხეთების ისტორიაში და გილგამეშის ეპოსის თარგმანი (გამოიცა 1924 სტამბოლში). ასირიოლოგიურ პრობლემებს ამუშავებდნენ აგრეთვე ა. სვანიძე და პ. უშაკოვი. საქართველოში ასირიოლოგიური კვლევა, რ-იც გულისხმობს შუმეროლოგიას, ხეთოლოგიას, ხურიტოლოგიას და ურარტოლოგიას, სამი მიმართულებით წარმოებს: 1. ისტორია – აქადურენოვანი და ურარტული წყაროების საფუძველზე შეისწავლება ქართვ. ტომთა უძველესი გაერთიანებების ისტორიის საკითხები (გ. მელიქიშვილი), ხეთური ლურსმული და იეროგლიფური წყაროების მიხედვით – ხეთების სახელმწიფოსა და გვიანხეთურ სამთავროთა ისტორიის პრობლემები (გ. გიორგაძე, ე. მენაბდე, ი. ტატიშვილი, ნ. ხაზარაძე), შუმერის ქალაქსახელმწიფოთა საზ. და ეკონ. წყობა (ჯ. შარაშენიძე); 2. დამწერლობა და ენა – გამოცემულია საქართველოს სახელმწ. მუზეუმში დაცული ურარტული წარწერების და, საერთოდ, ურარტული ენის კორპუსები (გ. წერეთელი, გ. მელიქიშვილი), სიმფონია-ლექსიკონი (ვ. გვახარია), ხურიტული ენის ლექსიკონი და გამოვკლევა მის გრამატ. წყობაზე (ნ. ნოზაძე); დამუშავებულია ხეთური ენის ლექსიკონი და გამოკვლევა მის გრამატ. წყობაზე (ნ. ნოზაძე); დამუშავებულია ხეთური ენის კარდინალური პრობლემები (თ. გამყრელიძე); 3. მწერლობა და კულტურა – თარგმნილია შუმერული და აქადური ლიტ-რის საუკეთესო ნიმუშები (ვ. გვახარია, ზ. კიკნაძე), არსებობს გამოკვლევები შუამდინარულ მითოლოგიაში და სულიერი კულტურის საკთხებზე (ზ. კიკნაძე). ასირიოლოგიური გამოკვლევები იბეჭდება „კავკასიურ-აღმოსავლურ კრებულში“ (1960-იდან).
ლიტ.: გიორგაძე გ., ძველაღმოსავლური ისტორიულ-ფილოლოგიური პრობლემების შესწავლა საქართველოში 1921–1980 წლებში, «მაცნე». ისტ., არქეოლ., ეთნოგრ. და ხელოვნ. ისტორიის სერია, 1981, №1. ღამბაშიძე მ., ხეთური დიპლომატია, თბ., 2012.
ზ. კიკნაძე