აბრეშუმა

აბრეშუმა

აბრეშუმა (Cuscuta), უფოთლო და უქლოროფილო პარაზიტ მცენარეთა გვარი აბრეშუმასებრთა ოჯახისა.

ფესვი და ნამდვილი ფოთოლი ა-ს არ გააჩნია. აქვს ძაფისებრი ან ლარისებრი ღერო. პატრონ მცენარეს ეხვევა, ეკვრის ღეროზე განლაგებული მისაწოვრებით და მის ხარჯზე იკვებება. გვარში 170-მდე სახეობაა. სახეობათა უმრავლესობა ერთწლოვანია (ცნობილია ტროპ. მრავალწლოვანი სახეობებიც). საქართველოში იზრდება ა-ს 8 სახეობა, მ. შ. ევროპული ა. (C. europaea), რ-იც ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული სახეობაა, გვხვდება მთის შუა სარტყლამდე. პარაზიტობს როგორც ველურ, ისე კულტ. მცენარეებზე. მედიცინაში იყენებენ შინაგანი სისხლდენის შესაჩერებლად. მისგან ამზადებენ პრეპარატ „კუსკუტინს“, რ-საც (კასიასთან და საბრთან ერთად) გამონაწვლილის სახით ხმარობენ საფაღარათო საშუალებად. ა. მავნე და საკარანტინო მცენარეა. მისი ზოგი სახეობა შხამიანია და საკვებში მოხვედრისას ცხოველი შეიძლება მოიწამლოს. ბრძოლის ღონისძიებანი:სათესლე მასალის გაწმენდა, დასარევლიანებული ნაკვეთების გათიბვა ა-ს თესლის შემოსვლამდე და ნათიბის დაწვა, გადაბარვა, გადახვნა, ჰერბიციდებით შეწამვლა.

ზ. შენგელია