აბისი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის რეგიონი), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. ლოპანისწყლის (დასავლეთის ფრონის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ქარელ–ცხინვალის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., აბისისთავი, ბერძენაული). ზ. დ. 670 მ, ქარელიდან 20 კმ. 399 მცხ. (2014).
ა. პირველად 1633 იხსენიება. ამ დროს იგი ავალიშვილების სამკვიდრო მამული იყო. XVIII ს. 20–30-იან წლებში დაღესტნელ და ოს ფეოდალთა მოთარეშე რაზმებმა ააოხრეს. XVIII ს. ბოლოს ამირეჯიბის მფლობელობაში გადავიდა. XIX ს. ადმ. დაყოფით გორის მაზრაში შედიოდა.
სოფლის გარეუბანში შემონახულია XVIII ს. II ნახ. ციხე-დარბაზი და ნათლისმცემლის ეკლესია. თავდაპირველად აქ იდგა ნატეხი ქვით ნაგები ოდნავ წაგრძელებული კოშკურა ნაგებობა, რ-საც ოთხივე კუთხეში მიდგმული ჰქონდა თითო მრგვალი კოშკი. სართულებშუა გადახურვა შუაშიც და კუთხის კოშკებშიც ხისა იყო. ცენტრ. კოშკის II სართული საცხოვრებელს წარმოადგენდა (არის ბუხარიც). ვიდრე ჩრდ-იდან ახ. სადგომს მიაშენებდნენ, აქედან იყო ერთადერთი შესასვლელი II სართულის დონეზე, შემდეგ შესასვლელი სამხრ-იდან გაუკეთებიათ ეკლესიის კედლის სისქეში ჩართული კიბის საშუალებით, რ-იც კოშკში საგანგებოდ გაჭრილი შესასვლელისკენ მიემართება. 1754 ამოკვეთილი ეკლესიის წარწერებიდან ირკვევა, რომ კოშკი და ეკლესია ზაალ მახვილაძეს აუშენებია. სოფლის განაპირას, სასაფლაოზე წმ. მარინეს ერთნავიანი ეკლესია დგას. სტილისტიკური ნიშნებით X–XI სს. მიეკუთვნება, შეკეთებულია XIX ს-ში და XX ს. 70-იან წლებში.
ლიტ.: დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, ნ. ბერძენიშვილის რედ., [ტ.] 2, თბ., 1953; ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988; მაკალათია ს., ფრონის ხეობა, თბ., 1963; მასალები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და ტოპონიმიკისათვის, წგნ. 1, თბ., 1964.
პ. ზაქარაია
ჯ. გვასალია