არადეთის ორგორა, მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი, ენეოლითის, ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის ნამოსახლარები, სამაროვნები. მდებარეობს სოფ. დოღლაურის მახლობლად (ქარელის მუნიციპ.), მტკვრის მარცხ. შენაკადის აღმოსავლეთის ფრონის შესართავთან.
1926 ა. ო-ზე მცირე გათხრების შედეგად (ლ. ტიტვინიძე) აღმოჩნდა ძვ. წ. I – ახ. წ. I სს. ნივთები (ძვ. წ. 73 რომაული რესპუბლიკური დენარი, ოქროს ბეჭედი, ცხვრის მინიატიურული ქანდაკება, ქალის ბიუსტის ჰორელიეფური გამოსახულება, ბრინჯაოს 2 ბატილუმი და პატერა, მინის სანელსაცხებლები, კვეთილი გამოსახულებით შემკული სპილოს ძვლის კოლოფი, ქვისა და მინის მძივები და სხვ.). კოლექცია ინახება საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმში.
დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა 1956 (გ. ლომთათიძე), 1957 (ო. ღამბაშიძე), 1972–76 (ი. გაგოშიძე). 1979-იდან მიმდინარეობდა არქეოლ. გათხრები (ხელმძღვ. ი. გაგოშიძე).
ნამოსახლარი განფენილია 3 ბორცვზე და მიმდებარე ვაკეზე (4 ჰა). ყველაზე მაღალი დასავლეთის გორაა, რ-საც დედოფლის გორასაც უწოდებენ (სიმაღლე მდინარის დონიდან 34 მ), მწვერვალი დაბრტყელებული აქვს (ფართობი 60მ X 50 მ), 3 მხრიდან ხელოვნური თხრილი შემოუყვება. გამოვლენილია ენეოლითის, ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს, ანტ. და ადრინდ. ფეოდ. ხანის კულტ. ფენები (საერთო სისქე 12–14 მ).
1985–89 გაითხარა 2 ზედა კულტ. ფენა 600 მ 2 ფართობზე. ანტ. ხანაში დედოფლის გორის მთელი ზედაპირი (3000 მ 2) ეკავა სასახლეს, რ-იც დედოფლის მინდვრის ტაძრების თანამედროვეა (იხ. დედოფლის მინდვრის არქეოლოგიური ძეგლები). გაითხარა სასახლის დას. ნაწილი – მცირე კარიბჭე და 8 ოთახი, რ-თა კარები გადიოდა შიდა ეზოს გარშემო მოწყობილ დერეფანში. ხის ძელებით, რიყის ქვით და ალიზით ნაგები კედლები გარედან თლილი ქვით იყო მოპირკეთებული. ქვიშაქვის კვადრები ერთმანეთთან ისრის ფორმის ხის გამირებით (პირონებით) იყო დაკავშირებული. ეზოს სამხრ. ნაწილში აღმოჩნდა სახაბაზე, პურის საცხობი და შიგ ოთხი თონისმაგვარი ღუმელი, ხოლო დერეფნის ჩრდ. ნაწილში – მარანი და შიგ დიდი ზომის ოთხი ქვევრი. ორსართულიანი სასახლე კრამიტით ყოფილა დახურული. იგი უეცრად დაღუპულა ძლიერი ხანძრის შედეგად. ზედა სართულის ნანგრევებში, ოთახების იატაკზე, ეზოსა და კარიბჭეში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა მრავალგვარი არქეოლ. მასალა: ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები (რკინის მაგიდები, კანდელაბრი, ჭაღი, ძვლის ანჯამებიანი ხის კარადის, ტახტის, კიდობნის, სკივრების ნაშთები, ბრინჯაოს სასწორები, ძვლის სტილები და სხვ.); სამეურნეო და საბრძოლო იარაღ-საჭურველი (რკინის სახნისები, ცული, შუბის და ისრის პირები, თორი, ჯაჭვის პერანგები, ლაგამი, შედგენილი მშვილდი და სხვ.); ლითონის, თიხის და მინის ჭურჭელი; ოქროს ვერცხლის, ბრინჯაოს, ძვლის, ქვის, მინის, ფაიანსის ბეჭდები, ყელსაბამები, საკიდები, მძივები და სხვ. სამკაული, ძვ. წ. II ს-ში ლისიმაქეს სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა; ტყავის, ქსოვილების, სხვადასხვა ხილეულისა (ატამი, შვინდი, ყურძენი, კაკალი და სხვ.) და მარცვლეულის (ხორბალი, ასლი, ქერი და სხვ.) ნაშთები, აგრეთვე თიხის ბულები, რ-ითაც დაბეჭდილი ყოფილა კარადები, სკივრები, კოლოფები, ტომრები და სხვ. ბულებზე შემორჩენილია ადგილ., რომაული და ელინისტური საბეჭდავების ანაბეჭდები. მოპოვებული მასალის მნიშვნელოვანი ნაწილი შემოტანილია ელინისტური ქვეყნებიდან და რომის იმპერიის სხვადასხვა პროვინციიდან. იმპორტული მასალიდან აღსანიშნავია ძვ. წ. III ს. ვერცხლის ბეჭედი, ეგვიპტის დედოფლის არსინოე II-ის პორტრეტიანი I ს. შუა წლების ბრინჯაოს რომაული ამფორა, რ-ის ყურები დიონისეს სხმული გამოსახულებით არის შემკული, და სხვ. ადგილ. წარმოების ნივთებს შორის განსაკუთრებით საყურადღებოა ირმის რქისაგან გამოთლილი სამკითხაო-სათამაშო ფირფიტები, რ-ებიც ნატიფი კვეთილი გამოსახულებებით (ფანტასტიკური ცხოველები, ცხენოსანთა ნადირობის სცენები და სხვ.) არის დაფარული. შვიდ ფირფიტაზე არმაზული დამწერლობით შერსულებული წარწერებიც აღმოჩნდა. ასეთივე წარწერები ამოკვეთილია სასახლის მარანში ჩაფლულ ქვევრებზეც.
დედოფლის გორის სასახლის გათხრებით მოპოვებული მასალა შესაძლებლობას იძლევა ვიმსჯელოთ ელინისტური-გვიანდ. ანტ. ხანის ქართლის სამეფოს კულტ. და სოც.-ეკონ. წყობისა და გარე სამყაროსთან ურთიერთობის საკითხებზე. სავარაუდოა, რომ ძვ. წ. I–ახ. წ. I სს-ში აქ ცხოვრობდა ხელისუფალი, რ-საც ა. ო-ის შემოგარენი ექვემდებარებოდა. შესაძლებელია, აქვე იყო ქართლის მეფის ერთ-ერთი რეზიდენციაც.
ფეოდ. ხანის ფენაში დადგინდა 4 ურთიერთმონაცვლე სამშენებლო ჰორიზონტი. გამოვლინდა ქვითა და ალიზით ნაგები კაპიტ. საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები. აღმოჩნდა ქვევრები და სხვა კერამ. ჭურჭელი, მინის სამკაული (საკინძები, ფიბულები, მძივები და სხვ.), კვირისტავები, საკულტო დანიშნულების ნივთები, თიხის ბულები (მ. შ. ერთზე ასომთავრულწარწერიანი ანაბეჭდია), აგრეთვე ტყავის, ქსოვილების ნაშთები, მარცვლეული, თხილი, კაკალი და ა. შ.
აღმოსავლეთის გორაზე დადასტურებულია ბრინჯაოს ხანის რამდენიმე კულტ. ფენა (საერთო სისქე 3 მ).
ჩრდილოეთის გორა აღმოჩნდა 1979 აეროფოტოდაზვერვის შედეგად. გათხრებით გამოვლინდა ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს და ადრინდ. რკინის ხანის ნამოსახლარი და სამაროვნები. გათხრილია ადრინდ. და გვიანდ. ბრინჯაოს ხანისათვის დამახასიათებელი კულტ. ნაშთების შემცველი რამდენიმე ფენა. აღმოჩენილია ბრინჯაოს ყუამილიანი ცული, ძვლის ორნამენტირებული ნივთი, სარდიონის მძივის ნამზადი და სხვ. ნამოსახლარი განლაგებულია ჩრდილოეთის გორის სამხრ. ნაპირას. გათხრილია ადრინდ. რკინის ხანის 3 საცხოვრ. სათავსი, რ-ებშიც პურის საცხობი ღუმლები და საკურთხევლები იყო. დიდი რაოდენობით მოპოვებული არქეოლ. მასალიდან აღსანიშნავია სარიტუალო დანიშნულების უჩვეულო ფორმის თიხის ჭურჭელი, თიხის მილისებრი სადგრები და ლითონის სამკაულის ჩამოსასხმელი ყალიბი.
გორის სამხრ.-დას. ნაწილში ნაცრის გროვაა. დაახლ. 20–30 მ სიგანისა და 80 მ სიგრძის ხევი შევსებულია ნაცრისა და კულტ. ნაშთების შემცველი ფენებით (საერთო სისქე 4 მ). ნაცარი დაგროვილია ძვ. წ. XII–VII სს-ში.
ჩრდილოეთის გორის დას-ით მდებარეობს ადრინდ. ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. სამარხებში მოპოვებულია ძვ. წ. III ათასწლ. I ნახ. დამახასიათებელი შავად და ვარდისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ვერცხლის, ანთიმონის და ბრინჯაოს ხვიები, საკიდები და საკინძები; ანტიმონიუმის, ბრინჯაოს, სარდიონის მძივები; კაჟის ისრისპირები და სხვ.
გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის (ძვ. წ. XIV–VII სს.) სამაროვანი მდებარეობს ა. ო-ის ჩრდ-ით და აღმ-ით. სამარხებში უმთავრესად თიხის ნაწარმია მოპოვებული. ჩარხზე დამზადებული შავი ან ლეგა ჭურჭელი ხასიათდება დახვეწილი, სიმეტრიული ფორმებით.
სამაროვნის ჩრდ. ნაწილში გაითხარა ძვ. წ. XIV ს. გორასამარხი, რ-შიც მიცვალებული ორცხენშებმულ ეტლში დაუკრძალავთ. აღსანიშნავია, რომ სამარხ ორმოს ეტლის მოყვანილობა ჰქონდა მიცემული. ცხენებს აღმოაჩნდა ე. წ. სასიარული ტიპის ლაგმები, რ-თაც დისკოსებრი ჭვირული საყბეურები აქვს. გორასამარხში აღმოჩნდა აგრეთვე ორფენოვანკეციანი შავპრიალა უყურო დერგები, რ-ებიც ტიპურია შიდა ქართლის გვიანდ. ბრინჯაოს ხანის ადრეული საფეხურისთვის.
ა. ო-ზე სავარაუდოა შიდა ქართლის პოლიტ. გაერთიანების ცენტრის არსებობა ბრინჯაოს ხანაში.
ლიტ.: გაგოშიძე ი., ბატილუმები არადეთიდან, «ძეგლის მეგობარი», 1973, №33; გაგოშიძე ი., ქორიძე ე., გოგიჩაიშვილი ა., შიდა ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის 1979–81 წლების საველე მუშაობის ანგარიში, თბ., 1986 (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციები, VIII).
ი. გაგოშიძე
ი. ქორიძე