გაფრინდაშვილი შოთა გერასიმეს ძე

შ. გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილი შოთა გერასიმეს ძე [27. I (9. II). 1916, საჩხერე, შორაპნის მაზრა, – 27. III. 1968, თბილისი], ენათმეცნიერი, ზოგადი ფონეტიკის, ქართველურ და მთის იბერიულ-კავკ. ენათა სპეციალისტი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1957), პროფესორი (1957). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1937). სხვადასხვა დროს სამეცნ.-პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ცხინვალისა და თბილ. ს.-ს. ორბელიანის სახ. პედ. ინ-ტებში. იყო ქართ. ენის კათედრის გამგე, ექპსერ. ფონეტ. ლაბორ. გამგე თსუ-სა და საქართვ. მეცნ. აკად. არნ. ჩოქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტში. გ. საქართველოში ექსპერ. ფონეტიკის ერთ-ერთი დამამკვიდრებელია. მან სრულყო წარმოთქმის პროცესისა და სამეტყველო ბგერათა შესწავლის ტრად. მეთოდები, ჩვენში პირველმა დანერგა ფონეტ. კვლევის მრავალი თანამედროვე აპარატული მეთოდი (კინორენტგენოგრაფია, სპექტროგრაფია...), წამოიწყო ექსპერიმენტები სამეტყველო ბგერათა ხელოვნური გამიზნული ცვლით. გ-ის არაერთი შრომა ეძღვნება ქართველურ ენათა ფონეტ. საკითხებს: „საწარმოთქმო დაბრკოლებათა რაგვარობის საკითხი ქართულში“ (1960), „ხშულმსკდომ თანხმოვანთა კლასიფიკაციისათვის ქართველურ ენებში“ (1962) და სხვ. ლაკურ-დარგუულ ენათა ფონეტ. და მორფოლ. საკითხებს ეხება გ-ის 20-მდე ნაშრომი, ხოლო მისი „დარგუული ენის ფონეტიკა“ (1967) მთის იბერიულ-კავკ. ენათა შესახებ პირველი მონოგრაფიაა, რ-შიც ენის ბგერითი სისტემა ექსპერ. ფონეტ. თანამედროვე მეთოდებითაა შესწავლილი. ასეთივე სახის მონოგრაფიული გამოკვლევაა მისი „სპარსული ენის ფონეტიკა“ (1964; თანაავტორი ჯ. გიუნაშვილი).

ზ. ჯაფარიძე