გაღმამხარი

გაღმამხარი, 1. ისტორიული მხარე ქართლში. სახელწოდება გვხვდება გვიანდ. ფეოდ. ხანის საბუთებში. ზოგი მკვლევრის აზრით, გ. ეწოდებოდა მტკვრის მარჯვ. ნაპირას ტაშისკარიდან მცხეთამდე, ზოგის აზრით კი – გვიანდ. ფეოდ. ხანის სათავადოს – საციციანოს. ქართლის მოსახლეობა დღეს გ-ს უწოდებს ისტ. საციციანოს ტერიტორიას. 2. ისტორიული მხარე კახეთში. მოიცავდა ძვ. ჰერეთის ტერიტ. ნაწილს, რ-იც მოქცეული იყო მდ. ალაზანსა და კავკასიონის ქედს შორის. ეს ტერიტ. შიგნიკახეთის მიმართ გაღმა მხარე იყო. ეკონომიკურად იგი კახეთის ერთ-ერთ ყველაზე დაწინაურებულ კუთხეს წარმოადგენდა. განსაკუთრებით განვითარებული იყო მევენახეობა და მეაბრეშუმეობა. გ-ის დაწინაურებაში დიდი როლი ითამაშა მისმა სიახლოვემ გილან-შემახის სავაჭრო გზასთან. ეკონ. განვითარებამ განაპირობა XVI ს-ში კახეთის სამეფოს პოლიტ. ცენტრის გადანაცვლება გ-ში (გრემში). XVII–XVIII სს-ში გ-ის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა ირანის შაჰის აბას I-ის ლაშქრობებმა და დაღ. ფეოდალთა თავდასხმებმა. ეს მხარე დიდხანს გაუკაცრიელებული და აოხრებული იყო. თანამედროვე ადმ.-ტერ. დაყოფით გ. მოიცავს ლაგოდეხის, ყვარლისა და ნაწილობრივ თელავის რ-ნების ტერიტორიას.

ლიტ.: ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1–3, თბ., 1964–66; გვასალია ჯ., თოდრია თ., გვიანფეოდალური ხანის კახეთის სამეფოს პოლიტიკური საზღვრები, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1971, ტ. 4; გვრიტიშვილი დ., ფეოდალური საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისოტიიდან (ქართლის სათავადოები), თბ., 1955.

თ. ტატიშვილი

ჯ. გვასალია