ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე

ნ. ბარათაშვილი
მხატვარი ლ. გუდიაშვილი

ბარათაშვილი ნიკოლოზ მელიტონის ძე (4. XII. 1817, თბილისი, – 21. X. 1845, განჯა, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში), პოეტი.

დაიბადა გაღარიბებული არისტოკრატის ოჯახში. დედა – სანიმუშო ქართული აღზრდითა და სათნოებით ცნობილი – ეფემია, და გ. ორბელიანისა, ერეკლე II-ის შვილთაშვილი იყო. თბილ. კეთილშობილთა სასწავლებელსა და კლასიკურ გინმაზიაში (1827–35) ბ-ის მასწავლებელი იყო ს. დოდაშვილი, რ-მაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა მის მსოფლმხედველობაზე; ბ. მონაწილეობდა გიმნაზიის მოსწავლეთა ხელნაწერი ჟურნ. „ტფილისის გიმნაზიის ყვავილის“ (რუს. ენაზე) შედგენასა და გამოცემაში. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ამაოდ ოცნებობდა უმაღლესი განათლების მისაღებად რუსეთს გამგზავრებაზე. ეს გეგმა ჩაეშალა უსახსრობის გამო, რასაც მაშინ მ. ბარათაშვილის ერთდროს წარჩინებული ოჯახი განიცდიდა. განუხორციელებელი დარჩა აგრეთვე, კოჭლობის მიზეზით, პოეტის განზრახვა სამხ. სამსახურში განწესებისა. მიუხედავად ღრმა სულიერი დეპრესიისა, რ-იც შეინიშნებოდა საქართვ. საზ. ცხოვრებაში 1832 შეთქმულების ჩაშლის შემდეგ, რაც იმედგაცრუებულ ყმაწვილ პოეტს, თანამედროვეთა მოწმობით, ხშირად „ამა სოფლის ამაოებათაკენ“ უბიძგებდა, ბ. და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა ლიტერატორები მაინც ცდილობდნენ კულტ.-საზ. საქმიანობის წამოწყებას. კერძოდ, ამ წრეში ჩაეყარა საფუძველი ქართ. ლიტ. პერიოდიკისა და ქართ. თეატრის დაარსების იდეას, საქართვ. ისტორიის მეცნ. შესწავლის საქმეს, საჯარო ბიბლიოთეკის დაარსებას და სხვ. მაგრამ მათი მეცადინეობა რაიმე მნიშვნელოვან კვალს ვერ აჩნევდა იმდროინდელ სულიერ ცხოვრებას. ბ-ის ბევრი პატრ. ზრახვა აუხდენელ ოცნებად დარჩა: „...ტფილისი ისევ ის ქალაქია უსარგებლო გონებისა და გულისათვის“, – სწერდა იგი გ. ორბელიანს 1841.

ბ-ის ყველა გეგმას როგორც საზოგადოებრივს, ისე პირადულს, გაპროვინციებული ყოფის უნიათობასა და სიდუხჭირესთან ერთად წინ გადაეღობა მამის ოჯახის სრული გაღატაკების საფრთხეც. ბ. იძულებული გახდა კანცელარიის რიგითი მოხელის ადგილს დასჯერებოდა. მწვავე უკმაყოფილებას თან დაერთო პირადი დრამაც (გაუზიარებელი სიყვარული ეკატერინე ჭავჭავაძისადმი). ყოველივე ამან ღრმა დაღი დაასვა ბ-ს. მის პირად წერილებში, რ-ებიც ეპისტოლური მემკვიდრეობის ბრწყინვალე ნიმუშებია, ღრმა ფსიქოლ. შინაარსითა და თანამედროვეთადმი მიმართული სევდანარევი ირონიით გამოიხატა „მკაცრი ბედისა“ და სულიერი სარბიელის აუტანელი სივიწროვის განცდა.

1835-იდან ბ. მუშაობდა უბრალო მოხელედ სამართლისა და განჩინების ექსპედიციის კანცელარიაში. 1844 დაინიშნა ნახიჩევანში მაზრის მმართველის თანაშემწედ. ხოლო 1845 –ივნისში – იმავე თანამდებობაზე განჯაში, სადაც ოთხი თვის შემდეგ, 27 წლისა, მალარიით მძიმედ დაავადებული გარდაიცვალა. ბ-ის გადმოსვენებამ 1893 განჯიდან თბილისში (დიდუბის პანთეონი) ეროვნ. მანიფესტაციის სახე მიიღო. 1938-იდან პოეტის ნეშტი მთაწმინდის პანთეონში განისვენებს.

ბ-ის შემოქმედება ქართ. რომანტიზმის მწვერვალია. ეს არის მაღალი ინტელექტის, ღრმა, დაძაბული, დახვეწილი სულის, შეუზღუდავი პოეტური შთაგონების მქონე ადამიანის შინაგანი სამყაროს ზეიმი. ქართვ. ერის პოეტური გენია მის შემოქმედებაში თვალისმომჭრელ სიმაღლეებს მისწვდა. მისი პოეტიკა და სტილი რომანტიკული მხატვრული აზროვნების სრულყოფილი გამოხატულებაა. ი. ჭავჭავაძის აზრით ბ-ის შემოქმედება მოასწავებს ევროპეიზმის დამკვიდრებას ქართ. მწერლობაში, რაც ისტორიულად დაკავშირებული იყო აღმოსავლური (სპარსული) პოეზიის გავლენის უარყოფასთან.

როგორც მოაზროვნემ და მხატვარმა, ბ-მა გეზი მისცა მთელი XIX ს. ლიტ-რის განვითარებას საქართველოში. ბ-ის მსოფლმხედველობრივ ინტერესთა რკალი მეტად ფართოა, ხოლო მისი სულიერი ტკივილის მიზეზთა მიზეზი ეროვნ. სინამდვილესთან არის დაკავშირებული. პოემის „ბედი ქართლისა“, (1839) სიუჟეტს საფუძვლად უდევს რეალური ისტ. მოვლენა – 1795 აღა-მაჰმადხანის მიერ თბილისის აოხრება, რამაც ფაქტობრივად 1783 ტრაქტატთან ერთად საქართველოს მომავალი ბედი განაპირობა; მაგრამ „ბედი ქართლისა“, როგორც რომანტ. პოემა, შორს დგას ისტორიზმის მყარი პრინციპებისაგან. ერეკლე II-ისა და სოლომონ ლიონიძის დიალოგი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთთან შეერთების თაობაზე თითქოს ითვალისწინებს 1804 აჯანყებისა და 1832 შეთქმულების შედეგებს. პოემაში წარმოსახული მოვლენები სიმბოლურ განზომილებასაც შეიცავს. ერეკლე II-ის სახე და მოქმედება ბ-თვის გაცნობიერებული აუცილებლობის განსახიერებაა. ერეკლეს ღრმად აქვს შეგნებული ისტ. ბედისწერის გარდუვალობა. სოლომონ მსაჯული ერეკლესთან პაექრობისას ძირითადად ადამიანური ბუნებისა და „ერის თვისების“ ცნებებს ეყრდნობა: ადამიანთა თანდაყოლილი სწრაფვა თავისუფლებისაკენ, მისი რწმენით, შეუძლებელს ხდის არსებობის უცხო, შეუთავსებელ ფორმებთან შეგუებას. ეს დავა, ემოციური შთაბეჭდილების თვალსაზრისით, მსაჯულის სასარგებლოდ წყდება. პოეტის სუბიექტური თანაგრძნობა „ერის თვისების“ დამცველთა – სოლომონ მსაჯულისა და მისი მეუღლის – მხარეზეა.

„ბედი ქართლისა“ ბ-მა 22 წლისამ დაწერა. მიუხედავად თანდაყოლილი რომანტ. სულიერი წყობისა, ჭაბუკ პოეტს აღმოაჩნდა რეალობის უაღრესად მძაფრი გრძნობა. ეს პოემა თავისებური პრელუდიაა ბ-ის ფილოს. ლირიკისათვის დამახასიათებელი ძიებებისა, რაც მიზნად ისახავდა როგორც ახ. ჰუმანისტური იდეალების, ასევე ეროვნ. მოქმედების სახელმძღვანელო პრინციპთა დადგენას.

ბ-ის შემოქმედებითი ბიოგრაფია დროის შედარებით მცირე მონაკვეთს მოიცავს (1833–45), მაგრამ ამ ხნის მანძილზე მან მსოფლმხედველობრივი და მხატვრული განვითარების უაღრესად მნიშვნელოვანი გზა განვლო. დ. უზნაძის სიტყვებით, ბ-ის «მთელი სალიტერატურო შემოქმედება მხოლოდ „ოდისეაა“ მისი თვითგამორკვევისაკენ მიმსწრაფი სულისა». ეს იყო ამავე დროს ახ. ესთეტ. მრწამსის, ახ. პოეტური მანერის ჩამოყალიბებისა და დამკვიდრების ურთულესი გზაც.

ნ. ბარათაშვილის ხელნაწერი

ბ-ის გენიის პირველი მხატვრულად სრულფასოვანი ლექსია „შემოღამება მთაწმინდაზედ“ (1833–36). აქ მთავარია რომანტ. ამაღლება, მიწიერი ტვირთისაგან განთავისუფლებისა და სამყაროს იდუმალ, მარადიულ ძალებთან შეხმიანების ცდა. პოეტის ოცნება –ჰარმონიულად შეუთვისდეს ამ საწყისებს, „რომ დაშთოს აქ ამაოება“, აუხდენელია, მაგრამ აქ ჯერ კიდევ არ იგრძნობა ბედთან შეჭიდების მოტივი. სევდა სოფლის „ამაოების“ გამო და ადამიანის სულიერ მოთხოვნილებათა მარადიული დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება ცნაურდება ფილოს. ხასიათის ლექსში „ფიქრნი მტკვრის პირას“ (1837). „აღუვსებელი საწყაულის“ სახე, როგორც ფილოს. შინაარსის სიმბოლო, თავისებურ შუქს ჰფენს ბ-ის მთელ პოეზიას. სიყვარულის თემა ბ-თან მკვეთრად დაუპირისპირდა ბესიკისა და ა. ჭავჭავაძის ეროტიკულ კონცეფციას. ადამიანის შინაგანი ცხოვრება, არამატერიალური, უხრწნელი, „ციდან მოსული მშვენიერება“, ბ-ის რწმენით, განუზომლად აღემატება მიწიერ სილამაზეს, რ-იც მარტოოდენ „ხორციელობის“ წარმავალ ნიჭს წარმოადგენს („აღმოხდა მნათი“, 1840; „არ უკიჟინო, სატრფოო“, 1841; „რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო“, 1842 „შევიშრობ ცრემლსა“, 1843). „ზეგარდმო მადლით“ დამტკიცებული ნეტარება მხოლოდ მონათესავე, ამაღლებულ სულთან შეერთებით მიიღწევა; ბ-ის სატრფიალო პოეზიის გმირი „დაკარგული ტოლის“ მუდმივ ძიებაშია („სული ობოლი“, 1839; „სატრფოვ, მახსოვს თვალნი შენნი“, 1840). სიყვარული აქ ტრაგიკული გრძნობაა; მისი, როგორც გრანდიოზული სულიერი კატასტროფის, განცდა გადმოცემულია ეფემერული წმინდა ტაძრის დამხობაში („ვპოვე ტაძარი“, 1841). პოეტის რომანტ. გატაცების საგანი ეკატერინე ჭავჭავაძე, ზოგიერთი ლექსის უშუალო ადრესატიც არის („თავადის ჭ.-ძის ასულს, ეკ... ნას“, 1839; „საყურე“, 1839; „...ნა ფორტეპიანოზედ მომღერალი“, 1839).

ბ-ის პიროვნებაში ტრაგიკული გაორება შეინიშნება. თუ „ცისა ფერს“ (1841) უცოდველი სულის მარადიული ექსტაზური აღმაფრენის სიმბოლოა, „სულო ბოროტო“ (1843) გამოვლენაა მძაფრი შინაგანი კრიზისისა. ეს არის ტრაგედია „ურწმუნო ჭკუისა“, რ-საც იმ დროისათვის მხოლოდ უარმყოფელი მისიის შესრულება შეეძლო. პოეტმა შეძლო რომანტიკოსთა მიერ გათიშული გონებისა და რწმენის შეერთება და ბრმა ბედისწერასთან თავგანწირულ ჭიდილში ადამიანის არსებობის უმაღლესი აზრი და გამართლება დაინახა („მერანი“ ,1842). სამყაროს ტრაგიკული მოუწესრიგებლობის შეგრძნება დრტვინვითა და განგაშით ავსებს პოეტის სულს „მერანის“ ოპტიმისტური მსოფლმხედველობის საფუძველია იმის შეგნება, რომ ადამიანი მოწოდებულია თავგანწირული ბრძოლისათვის მაღალი ჰუმანისტური იდეალების მისაღწევად. ეროვნ. პრობლემატიკა ბ-ის შემოქმედებაში ფართო ფილოს. ასპექტით არის გადაჭრილი. „მერანის“ მთავარი იდეა – ადამიანის შემოქმედი სულისა და თავისუფალი ნების სამკვდრო-სასიცოცხლო, უკომპრომისო ბრძოლა ბრმა აუცილებლობის მტრულ ძალებთან, როგორც კაცობრიობის ისტორიის ჭეშმარიტი აზრი და გამართლება, თავისი უნივერს. შინაარსით ამომწურავი პასუხია იმ კითხვებზე, რ-ებიც პოეტმა „ბედი ქართლისაში“ დასვა.

ბ-ის ლექსები ხელნაწერის სახით ვრცელდებოდა. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწ. ინ-ტში დაცულია ბ-ის თხზულებათა რამდენიმე ავტოგრაფული კრებული. ბ-ის პოეზია, კარგად ცნობილი მის თანამედროვეთათვის, შემდეგ თითქმის დავიწყებული იყო. მისი ლექსები პირველად 1852 და 1858 ჟურნ. „ცისკარში“ გამოქვეყნდა. 1858 რუსეთში მყოფი ი. ჭავჭავაძე ე. ჭავჭავაძის კუთვნილი ხელნაწერი კრებულის მეშვეობით სრულად გაეცნო ბ-ის პოეზიას. ბ-ის თხზულებათა ძირითადი გამოცემები: 1876 (რედაქტორი – პ. უმიკაშვილი), 1895 (ე. თაყაიშვილი და დ. კარიჭაშვილი), 1922 (ს. ფირცხალავა), 1930 (პ. ინგოროყვა), 1939 (ი. თავაძე, ა. გაწერელია), 1945 (კ. კეკელიძე), 1968 (პ. ინგოროყვა), 1972 (ა. გაწერელია, ი. ლოლაშვილი).

გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციამ – UNESCO-მ ნ. ბარათაშვილის საიუბილეო თარიღი – დაბადებიდან 200 წლისთავი 2017 წლის საერთაშორისო მნიშვნელობის კულტურულ მოვლენათა ნუსხაში შეიტანა. ამავე თარიღთან დაკავშირებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე თარგმნილი ხუთენოვანი წიგნი; გერმანიაში გამოიცა ნ. ბარათაშვილის საიუბილეო კრებული (რ. კირშის თარგმანი).

ლიტ.: აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, თბ., 1970; ასათიანი გ., „მერანი“ და მისი ავტორი, თბ., 1969; ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, დ. გამეზარდაშვილის რედ., თბ., 1972; გაწერელია ა., ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1947; ზანდუკელი მ., თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1972; თუშაბრამიშვილი თ., ნიკოლოზ ბარათაშვილის ფსიქობიოგრაფია ეპისტოლური მემკვიდრეობის მიხედვით, თბ., 2020.ინგოროყვა პ., ნიკოლოზ ბარათაშვილი, თბ., 1969; მისივე, ახალი ქართული ლიტერატურის ფუძემდებელნი. ნიკოლოზ ბარათაშვილი. ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, თბ., 1983; კოტეტიშვილი ვ., ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), თბ., 1959; ლოლაშვილი ი., ნიკოლოზ ბარათაშვილის ლიტერატურული მემკვიდრეობა, თბ., 1968; მეუნარგია ი., ცხოვრება და პოეზია ნიკოლოზ ბარათაშვილისა, თბ., 1968; ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1969; ნადირაძე გ., ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრება და ესთეტიკური სამყარო, თბ., 1961, 2010; სურგულაძე ა., ნიკოლოზ ბარათაშვილის ეპოქა, თბ., 1968; ნიკოლოზ ბარათაშვილი, 100 ამბავი, თბ., 2020; შარაბიძე თ., ნიკოლოზ ბარათაშვილი (12 ბიოგრაფია), თბ., 2020.

გ. ასათიანი