გაფრინდაშვილი ნონა ტერენტის ასული

ნ. გაფრინდაშვილი 

გაფრინდაშვილი ნონა ტერენტის ასული (დ. 3. V. 1941, ზუგდიდი), სპორტსმენი, ლეგენდარული მოჭადრაკე,  ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი (1962–78).

1999 საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ დასახელდა როგორც XX ს. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი, საერთაშ. დიდოსტატი ქალთა შორის (1976) და პირველი  საერთაშ. დიდოსტატი ქალი  ვაჟებში (1978);  სსრკ სპორტის ოსტატი (1958 ქალთა, 1971 ვაჟთა) და სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1964); საერთაშ. ოსტატი (1961 ქალთა, 1962 ვაჟთა).  სსრკ-ში პირველი დიდოსტატი ქალთა შორის (1975). საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1981). დაამთავრა თბილ. უცხო ენათა პედ. ინ-ტი (1971). მსოფლიოს ხუთგზის (1962, 1965, 1969, 1972, 1975), სსრკ ხუთგზის (1964, 1973, 1981, 1983, 1985)  და საქართვ. ოთხგზის (1956, 1959, 1960, 1961) ჩემპიონი;  მსოფლიო ჩემპიონობისთვის ითამაშა 6 მატჩი. 1962 დაამარცხა ე. ბიკოვა (9:2), 1965, 1969 და 1972 წ-ებში ა. კუშნირი (8,5:4,5;  8,5:4,5; 8,5:7,5);  1975 – ნანა ალექსანდრია (8,5:3,5). 1978 ჩემპიონის ტიტული დათმო მ. ჩიბურდანიძესთან  (6,5:8,5).   ევრ. ქვეყნების ჩემპიონ ქალთა თასის ორგზის (1969, 1972) მფლობელი; ქალთა  მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის  ჩემპიონი (საბჭოთა კავშირის ნაკრებში – 1963, 1966, 1969, 1972, 1974, 1978, 1980, 1982, 1984, 1986; საქართველოს ნაკრებში – 1992) და მეორე პრიზიორი (1990). თავის  დაფაზე  მოპოვებული აქვს 9 ოქროს, 3 ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მცირე მედალი.

1998 იყო საქართვ. ქალთა ნაკრების კაპიტანი ელისტის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე (ბრინჯაოს მედალი).

მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონი სენიორთა შორის (1995, 2009, 2014, 2015,2016, 2018, 2019, 2022). ქალთა შორის „ჭადრაკის ოსკარის“ პირველი მფლობელი (1982). ქალთა საერთაშ. ტურნირებში მოიპოვა 21 პირველი პრიზი (1971 ბელგრადში, 1975 ტიმიშოარაში ყველა პარტია მოიგო). 1977 აშშ-ის ვაჟთა ღია ჩემპიონატში გაიყო I–IV ადგილები. მონაწილეობდა ვაჟთა საერთაშ. ტურნირებში (ჰასტინგსი, 1963–64, I–II ადგილი; ჰასტინგსის მთავარი ტურნირი, 1964–65, V ადგილი; ზვოლე, 1966, III–IV ადგილი; გეტებორგი, 1968, III ადგილი; თბილისი, 1971, IV–VI ადგილი; დორტმუნდი, 1974, III–IV ადგილი; სანდომიეჟი, 1976, II–IV ადგილი; დორტმუნდი 1978, II–III ადგილი; რეჯიო-ემილია, 1983, I ადგილი; ლუანდა, 1985, II ადგილი; ვეიკან-ზეე, 1987, I–III ადგილი). სხვადასხვა დროს მისი მწვრთნელები იყვნენ ვ. ქარსელაძე, მ. შიშოვი, ა. გიპსლისი, ე. უბილავა. გ-მა დიდად შეუწყო ხელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით საქართველოში ქალთა ჭადრაკის განვითარებას. იყო ფიდეს ქალთა კომისიის თავ-რე (1978–86). საქართვ. VIII–IX მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.  საქართვ. ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტის (სეოკ)  პირველი პრეზიდენტი (1989–96) და საპატიო პრეზიდენტი (1996-იდან). ოლიმპიური მოძრაობის განვითარებაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისთვის 1996 მიენიჭა საერთაშ. სპორტული ორგანიზაციების სამი უმაღლესი ჯილდო: ეროვნ. ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის საპატიო ორდენი, საერთაშ. ოლიმპიური  და ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ორდენები.

იყო საქართვ. ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000–02).

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები: ლენინის ორდენი (1965),  ღირსების ორდენი (1994), ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი (2001), ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2015). 1997 ფიდემ დააწესა გ-ის საერთაშ. თასი, რ-იც გადაეცემა მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადაზე ქალთა და ვაჟთა შორის ჯამურად საუკეთესო მაჩვენებელის მქონე ქვეყანას.  თბილ. ჭადრაკის სასახლეს მიენიჭა მისი სახელი (2001), ხოლო 2016 სასახლის წინ გაიხსნა მისი სახ. ვარსკვლავი. არის თბილისის საპატიო მოქალაქე (2000). მის სახელს ატარებს  ქუჩა თბილისში. გ-ის ცხოვრებას, სპორტულ კარიერასა და საზ. მოღვაწეობას მიეძღვნა არაერთი ნაშრომი და დოკუმენტური ფილმი.

თხზ.: არსი ჩემი ცხოვრებისა, ლიტ. ჩანაწერი ვ. ვასილიევისა, თბ., 1976. „რჩეული პარტიები“ თბ. 2001.

დ. გურგენიძე