გუდალეთი, სოფელი კასპის მუნიციპალიტეტის კავთისხევის თემში (შიდა ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. გავაზურისწყლის (კავთურის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 980 მ, კასპიდან 19 კმ . 163 მცხ. (2002). გ. წყაროებში პირველად XIV ს. ბოლოს იხსენიება მცხეთის საკათოლიკოსო მამულების 1392 თარხნობის გუჯარში. ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) სოფელთა სიაში მოხსენიებულია „გუდარეხის" სახელწოდებით. 1635 გ. თავისი მონასტრითა და სასახლით მეფე როსტომმა პაატა ყორღანაშვილ-იარალისშვილს დაუმტკიცა. საბუთების მიხედვით იგი სააკაძისეულ სოფლად ითვლებოდა. გ. სააკაძის საქართველოდან გადახვეწის შემდეგ სოფელი სახასო იყო და მეფე როსტომმა ი. სააკაძეს უბოძა. XVIII ს-ში გ-ს თავადი თარხნიშვილები ფლობდნენ. სოფელში ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლია შემორჩენილი, მ. შ. მნიშვნელოვანია XIII–XIV სს. მიჯნაზე აგებული ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძარი, რ-იც გალავნით შემოზღუდულ ამაღლებულ ადგილზე დგას. ტაძარი ძლიერ დაზიანებულია, გუმბათი და კამარები ჩამოქცეულია, დანგრეულია დას. კარიბჭე, გრძივი კედლები 1–2 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. გეგმით სწორკუთხა, აღმ-იდან დას-კენ წაგრძელებული ტაძარი სხვადასხვა ზომისა და არასწორი ფორმის ქვიშაქვის ქვითაა ნაგები. გარეთა კუთხეების შემორჩენილი ნაწილები, ლავგარდანი და კარ-სარკმლის საპირეები თლილი ქვიშაქვის კვადრებითაა ნაწყობი. გუმბათი ეყრდნობოდა საკურთხევლის კედლებსა და დას-ით ორ თავისუფლად მდგომ გეგმით რვაკუთხა ბოძს. აღმ-ით საკურთხევლის ნახევარწრიული ბემიანი აფსიდია. საკურთხევლის ორივე მხარეს ასევე აფსიდებიანი სამკვეთლო და სადიაკვნეა, რ-ებსაც აღმ-ით თითო მრგვალი სარკმელი აქვთ. ტაძარი შიგნით შელესილი და მოხატული იყო. გარედან შესასვლელები და სარკმლები აღმ. ფასადზე მორთულია სადა ლილვებით, დას. სარკმელი კი – ჩუქურთმიანი საპირით. ტაძარს გარს უვლის XVIII ს. ხუთკუთხა, რიყის ქვით ნაშენი გალავანი, რ-ის ყოველ კუთხეში საბრძოლო-საცხოვრ. დანიშნულების ცილინდრული კოშკია ჩართული (შემორჩენილია სამი სართულის დონეზე), გალავნის კედლები ორიარუსიანია – ქვედა ყრუა, ზედაში გაჭრილია სათოფურები და თახჩები. სათოფურების ქვემოთ, მთელ პერიმეტრზე, ხის საბრძოლო ბილიკის საყრდენი კოჭების ბუდეებია. სოფელში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა – წმ. ესტატესი, კვირაცხოვლისა, წმ. მარინესი, კაციაანთი, მთავარანგელოზის, წმ. გიორგისა და ჭოტისუბნის წმ. გიორგის.
ლიტ.: ა ნ დ ღ უ ლ ა ძ ე ნ., გუდალეთის ტაძარი, «ძეგლის მეგობარი», 1974, №35; მ ა კ ა ლ ა თ ი ა ს., კავთურას ხეობა, თბ., 1960; საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990.
ნ. ანდღულაძე
ჯ. გვასალია