გეგელია გიული გრიგოლის ძე

გეგელია გიული გრიგოლის ძე (დ. 20. VII. 1942, სენაკი), არქიტექტორი, მხატვარ-დიზაინერი.

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1965). 1966-იდან იქვე მუშაობდა არქიტექტურის კათედრის საპროექტო ბიუროში. 1967-იდან პედ. საქმიანობას ეწევა საქართვ. არქიტექტურის ინ-ტში (ტექ. უნ-ტი). ძირითადი ნამუშევრები: თბილისის „სანზონის“ მიკრორაიონის (1965; მ. გუგუნავასთან, შ. ყავლაშვილთან ერთად), ბახტრიონისა და იყალთოს ქუჩების მიმდებარე ტერიტორიის დეტალური დაგეგმარების (1989; ვ. დავითაიასთან, ნ. თევზაძესთან, მ. ლორთქიფანიძესთან, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად) პროექტები, ძვ. ქალაქის ისტორიული ბირთვის ტერიტორიული და ფუნქციური ზონირება (1980-იანი წლები; თ. კვირკველიასთან, პ. ხუხიასთან ერთად). საერთაშ. ახალგაზრდული ცენტრი „მზიური ველი“ ბაკურიანში (1982; ვ. დავითაიასთან ერთად), სამხატვრო გალერეა (1977) და მემორიალი „ხსოვნის კუბი“ (1984; მოქანდაკე ვ. მელიქიშვილი, ორივე ვ. დავითაიასთან, შ. ბოსტანაშვილთან ერთად) ქ. სენაკში, ნოქალაქევის ეთნოგრაფიული მუზეუმი (1989; თ. კლდიაშვილთან ერთად), თბილ. რუსთაველის სახ. სახელმწ. აკად. დრამ. თეატრის შენობის რეკონსტრუქცია-რესტავრაცია, (1988; თანაავტორი ო. ნახუცრიშვილთან, ვ. ორბელაძესთან, თ. შაშიაშვილთან ერთად) და სხვ.

ავტორია ორიგინ. სამეცნ.-მეთოდური და საპროექტო ხასიათის გამოკვლევებისა, სტატიებისა (ქართ., რუს., პოლ. ენებზე) თბილისის ძვ. უბნების მხატვრული შეფასების, ადაპტაციის, ძველი და თანამედროვე განაშენიანების ურთიერთკავშირის დადგენის სფეროში. გ. ნაყოფიერად მუშაობს დიზაინის დარგში (წიგნის გრაფიკა, პლაკატი, გობელენი და სხვ.).

ს. კინწურაშვილი