გეგენავას ელჩობა

გეგენავას ელჩობა, ოდიშის (სამეგრელოს) მთავრის ლევან II დადიანის მიერ გაგზავნილი ელჩობა მოსკოვში 1636–39, მთავრის კარის მღვდლის გაბრიელ გეგენავას მეთაურობით. XVII ს. I ნახევარში ლევან II დადიანი გარკვეულ პოლიტ. იზოლაციაში აღმოჩნდა. მას აუმხედრდა ოსმ. სულთანი, ებრძოდა იმერეთის მეფე, რ-საც თეიმურაზ I უჭერდა მხარს. დადიანის მოკავშირის – ქართლის მეფის როსტომის მდგომარეობაც მერყევი იყო. დადიანმა თავისი პოზიციების განმტკიცებისა და იმერეთ-კახეთის კავშირის დასუსტების მიზნით მოსკოვში გაგზავნა ელჩობა. დადიანი რუს. სამსახურში შესვლის სურვილს გამოთქვამდა და სთხოვდა საპასუხო ელჩობის გამოგზავნას და ოდიშის მიღებას რუსეთის მფარველობაში. საპასუხოდ გ. გეგენავას მოსკოვიდან გამოჰყვა რუსი ელჩი დიაკი თ. ელჩინი (იხ. ელჩინისა და ზახარიევის ელჩობა), რ-საც დადიანისაგან ერთგულების ფიცი უნდა მიეღო. მაგრამ ელჩების დაბრუნების დროს (1639) ოდიშის სამთავროს მდგომარეობა შედარებით სტაბილური ჩანდა და ამჯერად რუს. სახელმწიფოსა და ოდიშის სამთავროს კავშირი არ შედგა.

ლიტ.: Белокуров С. А., Посольство дьяка Федота Елчина и священника Павла Захарьева в Дадианскую землю (1639–1640 гг.), «Чтения в Обществе истории и древностей Российских», 1887, кн. 2; Накашидзе Н. Т., Грузино-русские политические отношения в первой половине XVII в., Тб., 1968.

ნ. ნაკაშიძე