გეგეშიძე ზინაიდა თორნიკეს ასული

გეგეშიძე ზინაიდა თორნიკეს ასული [10 (23). VII. 1910, სოფ. დიმი, ახლანდ. ბაღდათის მუნიციპ-ი, – 30. V. 1985, თბილისი], ისტორიკოსი. ისტორიის მეცნ. დოქტორი (1968), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1983). დაამთავრა თსუ-ის ისტ. ფაკ-ტი (1931). 1931–35 პედაგოგად მუშაობდა საშ. სკოლებში. 1935-იდან გარდაცვალებამდე საქ. კპ ცკ-თან არსებული პარტიის ისტ. ინ-ტში იყო ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნ. თანამშრომლად. იკვლევდა საქართვ. და ამიერკავკ. კომუნისტური ორგანიზაციების და რევ. მოძრაობის ისტორიას, არალეგალური ბოლშევიკური სტამბების და პროფესიონალ რევოლუციონერთა ცხოვრებისა და მოღვაწეობის საკითხებს. მას ეკუთვნის ნაშრომები „საქართველოს ბოლშევიკური ორგანიზაციების არალეგალური სტამბები 1900–1920“ (1965), „მარქსიზმის გავრცელება საქართველოში“ (1986, თანაავტორი), „გიორგი თელია“ (1951), „ლადო კეცხოველი“ (1956 და 1977), „მიხეილ ბოჭორიძე“ (1957).

ზ. კრიხელი