გეგეჭკორი ივანე ბესარიონის ძე

გეგეჭკორი ივანე (კიწი) ბესარიონის ძე (25. VIII. 1886, ზუგდიდი, – 1971, სოხუმი), ხალხური მომღერალი და ლოტბარი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1946), 1927 დაასრულა მეაბრეშუმეობის კურსები. ერთხანს მუშაობდა ტრესტ „საქართველოს აბრეშუმის“ რწმუნებულად დამზადების დარგში (თბილისის, გორის, დუშეთისა და ბორჩალოს მაზრებში). 1917-იდან მოღვაწეობდა ქართ. ხალხ. სიმღერის გუნდებში 1924–26 იყო დას. საქართვ. სახელმწ. ეთნოგრაფიული გუნდის (დააარსა ძ. ლოლუამ), 1934–38 – გალის რ-ნში მის მიერვე დაარსებული ეთნოგრ. გუნდის, ხოლო 1946–56 – აფხ. სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის ხელმძღვანელი.

გ. მრავალი საინტერესო სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორია. მის მიერ შექმნილი და დამუშავებულია სიმღერები: „ბექია“, „მათეია“, „ჩაგუნა“, „სიმღერა თბილისზე“, „მარებელი“, „სიმღერა ძუკუ ლოლუაზე“ და სხვ. განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართ. და აფხ. სიმღერების აღორძინებისა და გავრცელების საქმეს.

ლიტ.: გეგეჭკორი ვ., ქართული ხალხური სიმღერის ოსტატები, [წგ.] 2, თბ., 1958.

გ. ჩხიკვაძე