გეგეჭკორი (ბერია) სერგო ლავრენტის ძე

გეგეჭკორი (ბერია) სერგო ლავრენტის ძე (24. XI. 1924, თბილისი, – 11. XI. 2000, კიევი), რაკეტული სისტემების კონსტრუქტორი, ინჟინერ-პოლკოვნიკი. დაამთავრა ლენინგრ. კავშირგაბმულობის სამხ.-ელექტროტექ. აკადემია (1947). ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1952). II მსოფლიო ომის მონაწილე. იბრძოდა კავკ. ფრონტზე. მონაწილეობდა თეირანის (1943), იალტის (1945) და პოტსდამის (1945) კონფერენციების მომზადებაში (ასრულებდა სპეციალურ სამხ. დავალებებს). მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს საკონსტრუქტორო ბიუროში, სადაც შექმნა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტული სისტემის პროექტი. მისი ხელმძღვანელობით (მთავარი კონსტრუქტორი) შეიქმნა რამდენიმე ტიპის რაკეტული სისტემა, მ. შ. მოსკოვის საჰაერო დაცვის სისტემისა, აგრეთვე ხომალდსაწინააღმდეგო, „ჰაერ-ჰაერის“ და სხვა კლასის რაკეტები. 1950 მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია. წარდგენილი იყო სოციალ. შრომის გმირობაზეც, მაგრამ მამის, ბერია ლავრენტი|ლ. ბერიას, დაპატიმრებასთან დაკავშირებით გ-ც დააპატიმრეს (1953), ჩამოართვეს ყველა წოდება და ჯილდო. 1954 გაათავისუფლეს და სამუშაოდ გაგზავნეს სვერდლოვსკში, სადაც განაგრძო ახ. რაკეტული სისტემების დამუშავება. 1964-იდან მუშაობდა უკრაინაში. 1990-იდან იყო უკრ. მანქანათმშენებლობის კიევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის „კომეტის“ დირექტორი და მთავარი კონსტრუქტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Мой отец – Лаврентий Берия, М., 1994.

ი. გოგოლაშვილი