გელაზი

გელაზი, ბაზალტის ქვისაგან გამოთლილი ბორბალი, დოლაბი ზეთსახდელის, წისქვილის მთავარი მოძრავი სამუშაო ნაწილი. გ-ის ცენტრში ოთხკუთხად ჩაჭრილ ფოსოს ნახვრეტში ღერძი იყო გაყრილი. ღერძზე ერთი ბოლოთი უღელს ამაგრებდნენ, უღლის მეორე მხარეს კი გამწევ ძალას აბამდნენ. გ. ვერტიკალურად იდგა ქვის ფილებით მოპირკეთებულ მრგვალ კალოზე. მისი გარე პირის დიამეტრი შიდაზე მეტია. როგორც წესი, გ-ები დიდი ზომისაა. მაგ., ერთ-ერთი გ-ის დიამეტრი (სოფ. ალასტანიდან) 2,3 მ, სისქე 39 სმ. გ-ის ზედაპირს ამკობდნენ ამოკვეთილი სიუჟეტებით, ზოგჯერ წარწერებითაც. გ-ები გვხვდება საზეთე სელის ინტენს. გავრცელების ზონაში – მესხეთ-ჯავახეთსა და თრიალეთში. ჯერჯერობით მათი ყველაზე ადრინდ. ნაშთები IX–XII სს-ით თარიღდება (ჯავახეთის ახალქალაქი, ფიის ნასოფლარი, დმანისი).

ლიტ.: მოლოდინი ლ., ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), თბ., 1963; ჩიტაია გ., გელაზი, «ძეგლის მეგობარი», 1970, № 20.

ლ. მოლოდინი