„გელათი“, ციფრული სეისმური სადგური. „გ-ის“ დანიშნულებაა სიხშირეთა ფართო დიაპაზონში გეოფიზიკური, კერძოდ სეისმური სიგნალების გაზომვა, მიღებული ინფორმაციის მაგნ. ლენტზე ჩაწერა ან ინფორმაციის რადიოარხებით გადაცემა. შექმნილია საქართვ. მეცნ. აკად. სამეცნ. ხელსაწყოთმშენებლობის სპეც. საკონსტრუქტორო ბიუროში სსრკ (ამჟამად რუსეთის) მეცნ. აკად. ო. შმიდტის სახ. დედამიწის ფიზ. ინ-ტის თანამშრომელთა მონაწილეობით. აგებულია მოდულურ პრინციპზე. შედგება ციფრული საზომი მოწყობილობის, სეისმომიღების, ოთხარხიანი მაძლიერებლისა და მაგნ. ლენტზე ინფორმაციის ჩასაწერი მოწყობილობისაგან. „გ-ის“ ბაზაზე შექმნილია კომპლექსები „პუსკ-1“, „პუსკ-2“. 1987–88 კომპლექსი „პუსკ-2“ გამოიყენეს ქ. სემიპალატინსკისა და ნევადის შტატის (აშშ) ბირთვული პოლიგონების მახლობლად ჩატარებულ სსრკ–აშშ ერთობლივ ექსპერიმენტში, რ-ის მიზანი იყო ბირთვულ აფეთქებებზე სეისმურ კონტროლთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა. შემდგომ წლებში ბიუროში დამუშავდა ახ. თაობის სამეცნ. აპარატურა, შეიქმნა მიკროეგმ-ის მრავალარხიანი გამზომი კომპლექსი სეისმოლოგიური და კომპლექსური გეოფიზ. კვლევისათვის (იყენებენ ავტომატიზებულ სადგურებში) და მრავალარხიანი ციფრული სეისმომეტრული სადგური სამშენებლო საქმეში სეისმოლოგიური კვლევის ჩასატარებლად.
რ. საკანდელიძე