გელათის აკადემია

გელათის აკადემია, ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა. დაარსდა XII ს. დამდეგს გელათის მონასტერი|გელათის მონასტერთან დავით IV აღმაშენებლის ინიციატივითა და ხელშეწყობით. მან გ. ა-ში სამოღვაწეოდ შეკრიბა სწავლული ქართველები, რ-თა შორის იყვნენ იოანე პეტრიწი და იყალთოელი არსენ|არსენ იყალთოელი. თანამედროვენი გ. ა-ს „სხუად ათინად“, აღმოსავლეთის „მეორე იერუსალიმად“ იხსენიებდნენ. აკადემიის სათავეში იდგა მოძღვართმოძღვარი.სასწავლო პროგრამა – მისი პირველი ნაწილი (გეომეტრია – „ქვეყნის საზომლოჲ“, არითმეტიკა – „რიცხუნი“, მუსიკა – „სამუსოჲ“) და მეორეც (სამი სახის ფილოსოფია – „საქმითი, მხედველობითი და განმსიტყუელობითი“; სამი სახის რიტორიკა – „თანამზრახუელობისა, მეპაექრობისა და დღესასწაულობისა“; გრამატიკა და ასტრონომია – „ვარსკვლავთმრიცხველობაჲ“) –საგანთა შესწავლას ითვალისწინებდა ანტ. ტრადიციისაგან განსხვავებულად.

გ ა-ში არსენ იყალთოელს უთარგმნია „დიდი სჯულისკანონი“, იოანე პეტრიწს – ბერძნულიდან–არისტოტელეს, იოსებ ფლავიუსის, პროკლე დიადოქოსის ნაშრომები, ნემესიოს ემესელის თხზ. „ბუნებისათჳს კაცისა“, განსაკუთრებით აღსანიშნავია ბერძნ. ენიდან თარგმნილი იოანე ქსიფილინოსის ჰაგიოგრაფიული კრებული, რ-ის ორიგინალი დაკარგულია. სამეცნ.-მთარგმნელობითი მოღვაწეობა გ. ა-ში მომდევნო საუკუნეებშიც არ შეწყვეტილა, თუმცა საგრძნობლად შენელდა. XIII ს-ში აქ მოღვაწეობდნენ ჰიმნოგრაფი ბულმაისმისძე არსენ|არსენ ბულმაისმისძე, ფილოსოფოსი და რიტორი პეტრე გელათელი. XIV ს-ში გელათში შეიქმნა მნიშვნელოვანი იურიდ. ძეგლი „გარიგება ჴელმწიფის კარისა“ და საისტორიო წყარო „გელათური ქორონიკონი“.

გ. ა-ის შენობამ ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა შენობის ფართობი 300 მ 2-მდე აღწევდა. დარბაზს აღმ-იდან 3 შესასვლელი ჰქონდა, ჩრდ-იდან კი – 1, უხვად ნათდებოდა წყალწითელას ხეობისკენ მიმართული 8 ფართო სარკმლით. შიგნით კედლებში დატანებული იყო მოზრდილი ნიშები, კედლებს გასდევდა ქვის დასაჯდომები. დარბაზის ჩრდ.-დას-ით, შუა კედელთან იდგა (დღესაც შემორჩენილი) თაღებიანი ოთხკუთხა მაგიდა. მორთულობის კვალი არ ჩანს. მოგვიანებით შუა შესასვლელისთვის მდიდრულად შემკული კარიბჭე მიუშენებიათ.

XVI ს-ში გ. ა. აღარ არსებობდა, გელათსაც, მიუხედავად მასზე ქართვ. ხელისუფალთა ზრუნვისა, უკვე დაკარგული ჰქონდა დიდი კულტ. ცენტრის მნიშვნელობა.

ლიტ.: გამსახურდია ს., სწავლა-განათლება ძველ საქართველოში, თბ., 1975; ყაუხჩიშვილი ს., გელათის აკადემია, თბ., 1948.