გელათის ბიბლია

გელათის ბიბლია, XII ს. ქართული სამწერლობო ენის მნიშვნელოვანი ძეგლი, შესრულებულია ქაღალდზე ინდივიდ. ნუსხური ხელით, შეიცავს 301 ფურცელს, ზომა 35 X 25 სმ. აღმოაჩინა თ. ჟორდანიამ ქუთაისის ბაგრატის ტაძარზე მიშენებული ეკლესიის ნანგრევებში და მანვე აღწერა ვრცლად (ქრონიკები, II, ტფ., 1897). დაცულია საქართვ. მეცნ. აკად. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ინ-ტში (ახლანდ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი) (A – 1108). ძალზე დაზიანებული და ნაკლულია, მოღწეული ნაწილი რესტავრირებულია. ამავე ტექსტს შეიცავს A – 1108-ის მსგავსი ისტორიის მეორე ხელნაწერი (O – 1152), ქაღალდზე ნაწერი მსხვილი ნუსხური ხელით, XII – XIII სს. 421 ფ. ზომა 39,5 X 28,5 სმ. O – 1152 უნდა იყოს A – 1108-იდან ან შუალედური ნუსხიდან გადანაწერი. არ გამორიცხავენ ორივეს წარმომავლობას ერთი ხელნაწერიდანაც (თ. ჟორდანია). ორივე ხელნაწერი შეიცავს ძველი აღთქმის წიგნთა თავისებურ, ბერძნიზმებით დამძიმებულ პეტრიწული სტილის ქართ. რედაქციას. ბიბლიის ძირითადი ტექსტი მოთავსებულია ფურცლის შუა ნაწილში, განიერ არშიებზე კი ახლავს თარგმანები – კომენტარები, რის გამოც მას კატენებიან ბიბლიასაც უწოდებენ. კომენტარები განსამარტავ კიმენურ ტექსტთან დაკავშირებულია ასოებრივი ნუმერაციით და 40-მდე პირობითი ნიშნით. ამერ. ქართველოლოგმა ბლეიკი რობერტ|რ. ბლეიკმა საგანგებოდ შეისწავლა გ. ბ., დაალაგა არეული ფურცლები, გვერდებად დააწყო და მნიშვნელოვანი ფილოლ. საკითხები გაარკვია.

A-1108 არასრულად შეიცავს ძველი აღთქმის შემდეგ წიგნებს: ლევიტელთაჲ, რიცხუთაჲ, II შჯულთა, ისუ ნავესი, მსაჯულთაჲ, რუთისი, ესაიასი, იერემიასი, ეზეკიელის და მცირე წინასწარმეტყველებს (იოსია, იოველი, ამოსი, აბადია, იოანა, მიქია, ნაუმი, სოფონია, ანგია, ზაქარია). Q–1152 ხელნაწერი უფრო ვრცლად შეიცავს ამავე წიგნებს, მაგრამ აკლია წინასწარმეტყველთა წიგნები. A-1108 ხელნაწერისთვის რედაქცია გაუკეთებია ს.-ს. ორბელიანს. მასვე სომხ. ბიბლიის ვოსკანის (1666) გამოცემის ახ. დაყოფისებრ შეუტანია მასში თავებისა და მუხლების მაჩვენებლები. საბას ნარედაქციევი ტექსტი ნაწილი (წინასწარმეტველები) დაიბეჭდა 1710-იან წლებში თბილისში, ვახტანგ VI-ის სტამბაში [ეს გამოცემა დაუსრულებელი დარჩა, დღემდის მხოლოდ სამი ნაკლული ცალია მოღწეული; საქართვ. ეროვნ. ბ-კისა (F–135/4), უნ-ტისა (F–19578), ხელნაწერთა ინ-ტისა (ჩაკერებულია ე. წ. ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში, A–51-ში)]. შემდგომ ეს ნაბეჭდი ტექსტი ბიბლიის ბაქარისეულ (1743) გამოცემაში გადავიდა. ფიქრობენ, რომ უშუალოდ გ. ბ-ში შეტანილი ცვლილებები საბას რედაქტორული მუშაობის ერთ-ერთ ეტაპს ასახავს და არა უკანასკნელს. ამიტომაა ზოგიერთი ტექსტობრივი სხვაობა ამ ნუსხასა და ნაბეჭდ ტექსტს შორის.

გ. ბ-ის ტექსტიდან გამოცემულია: წინასწარმეტყველთა წიგნები–ეზეკიელისა – თ. ცქიტიშვილის მიერ, 1976; იგივე. სხვა წინასწარმეტყველებთან ერთად – ე. დოჩანაშვილის მიერ – 1985– 86 (სათაურით „მცხეთური ხელნაწერი“); „წიგნნი ძუელისა აღთქუმისანი“, მომზადებული ილ. აბულაძის ხელმძღვანელობით, ნაკვ. 1–3, 1989–91.

წყარო და ლიტ.: გიგინეიშვილი ბ., კიკვიძე ც., რუსთაველის ხანის ქართული ბიბლიის თარგმანი (გელათური ვერსია), კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966; დანელია კ., სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის ერთი წყარო, «მაცნე», 1964, № 2; ინგოროყვა პ., ქართული მწერლობის ისტორიის მოკლე მიმოხილვა, «მნათობი», 1939, № 4; კეკელიძე კ., ძველი ქართული მწერლობის ისტორია, ტ. 1, თბ., 1981; ჟორდანია თ., ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, წგ. 2, ტფ., 1897; Блейк Р. П., О Древнегрузинских версиях Ветхого Завета, «Извсетсия Кавк. Отделения Моск. Археол. об-ва», 1921, в. 6; მელიქიშვილი დ., გელათის აკადემია სხუა ათინა და მეორე იერუსალიმი სასწავლებელი ყრმათათვს, თბ., 2019; მელიქიშვილი ნ., ბიბლიის ქართული თარგმანების შემცველი ხელნაწერი კრებულები, ბიბლიოლოგია, თბ., 2012; ხარანაული ა., გელათის ბიბლიის კატენების შედგენილობა, გელათი-900; სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2007; ჯუღელი ვ., გელათის კატენებიანი ბიბლიის სტრუქტურისა და წყაროთა საკითხისათვის, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი 2002, N4.

კ. დანელია