გელასი კესარიელი

გელასი კესარიელი (Gelasios Caisareus) (გ. 395), კესარიის ეპისკოპოსი, „საეკლესიო ისტორიის“ ავტორი. მისი თხზულება ევსები კესარიელის საეკლესიო ისტორიის გაგრძელებაა. თხზულების ფრაგმენტები მოღწეულია გელასი კვიზიკელის (V ს.) და გიორგი ამარტოლის (IX ს.) საისტორიო ნაწარმოებებში, აგრეთვე რუფინუსის (V ს.) ლათინურ თარგმანში. გ. კ. დაწვრილებით მოგვითხრობს იბერთა გაქრისტიანებას ტყვე ქალის მიერ, რ-მაც იბერიაში იქადაგა ქრისტეს მცნება, სასწაულები მოახდინა, დედოფალიც განკურნა; აქვე მოგვითხრობს, ნადირობის დროს იბერთა მეფე როგორ მოხვდა სქელ ნისლში, ნისლი მხოლოდ მას შემდეგ გაიფანტა, რაც მეფემ ლოცვით მიმართა ქრისტეს, ამის შემდეგ მეფე და ერი მოინათლა. ბოლოს საუბარია იმპ. კონსტანტინესთან მოციქულების წარგზავნაზე, ამ უკანასკნელის მიერ მღვდლების გამოგზავნასა და ეკლესიის მშენებლობაზე. აშკარაა, რომ საქმე გვაქვს წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის რომაულ ვერსიასთან. გ. კ-ის „საეკლესიო ისტორიას“ უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქართლის გაქრისტიანების ისტორიის შესწავლისათვის, რადგან დამატებით ადასტურებს წმინდა ნინოს შესახებ თხრობის სარწმუნოობას, აზუსტებს ბევრ რამეს. ცალკე აღსანიშნავია ისიც, რომ გ. კ. ხაზგასმით აღნიშნავს იბერებისა და ლაზების ერთდროულ მონათვლას, რაც დას. საქართველოს გაქრისტიანების ისტორიისათვის არის ფასეული. გ. კ-ის თხზულება ერთ-ერთი პირველწყაროა ქართლის გაქრისტიანების შესახებ ბიზანტ. ლიტ-რაში არსებული ყველა მონათხრობისათვის (გელასი კვიზიკელი, რუფინუსი, სოკრატე სქოლასტიკოსი, თეოდორიტე კვირელი და სხვ.).

წყარო და ლიტ.: ყაუხჩიშვილი ს., გელასი კესარიელი ქართლის მოქცევის შესახებ, «მიმომხილველი», 1926, ტ. 1; მისივე, გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. 1, თბ., 1961.

ნ. ლომოური