გელათის მონასტერი

გელათის მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი. მდებარეობს ქუთაისის ჩრდ.-აღმ-ით 11 კმ-ზე, მდ. წყალწითელას ხეობაში. დააარსა დავით IV აღმაშენებელმა.

მემატიანის გადმოცემით, მან „მოიგონა აღშენება მონასტრისა... ადგილსა ყოვლად შეუნიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა“. მონასტრის ტერიტ. შემოზღუდულია მაღალი გალავნით. ანსამბლში შედის 3 ტაძარი, სამრეკლო და აკადემიის შენობა, მონასტრისავე ტერიტორიაზეა გადმოტანილი XVIII ს. ხის საცხოვრ. სახლი. შემორჩენილია აგრეთვე XIX ს. და XX ს. დასაწყისის სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობანი. გ. მ-ის მშენებლობა 1106 დაიწყო. იგი სამეფო სახლის საკუთრება და საძვალე იყო. აქ არის დასაფლავებული სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე: დავით IV აღმაშენებელი, დემეტრე I, გიორგი III, თამარი (თამარის ისტორიკოსების ცნობით) და სხვ. იმერეთის მეფეები: ბაგრატ III, გიორგი II, გიორგი III, გიორგი VI, ალექსანდრე V, სოლომონ I, სოლომონ II და სხვ.

XII ს-იდან გ. მ. უმნიშვნელოვანესი საეკლესიო სასწ.-სამეცნ. და კულტ.-საგანმან. კერა იყო. დავით IV აღმაშენებელმა გელათის მონასტრის მშენებლობის დასრულებამდე მოუყარა იქ თავი ქართველ მწიგნობრებს. მწიგნობრულ-შემოქმედებითი საქმიანობა გ. მ-ში მისსავე სიცოცხლეში გაჩაღდა. გ. მ. იმთავითვე მიჩნეული იყო როგორც საერო-ფილოს. მეცნიერების („მეორე ათენად“), ისე თეოლოგიური განათლების თვალსაჩინო კერად. მონასტერსა და მასთან დაარსებულ აკადემიაში (იხ. გელათის აკადემია) მოღვაწეობდნენ ცნობილი მწერლები, მთარგმნელები, მეცნიერები: იყალთოელი არსენ|არსენ იყალთოელი, პეტრიწი იოანე|იოანე პეტრიწი, ბულმაისიმისძე არსენ|არსენ ბულმაისიმისძე, გელათელი პეტრე|პეტრე გელათელი, ევდემონ ჩხეტიძე (1557 – 78), ექვთიმე საყვარელიძე (1578–1616), გედეონ ლორთქიფანიძე (XVII ს.), ანტონ I, გაბაშვილი ზაქარია|ზაქარია გაბაშვილი და მრავალი სხვა. გ. მ-ის ხელნაწერთა კოლექციიდან აღსანიშნავია ოთხთავი (XI ს.), ე. წ. გელათის ბიბლია (XII ს.), იოანე ქსიფილინოსის შრომების თარგმანების შემცველი კრებულები, გრიგოლ ჩახრუხაძის გადაწერილი „დიდი სჯულისკანონი“ და სხვ. XII – XIII სს-ში გ. მ. ერთ-ერთი მდიდარი ფეოდ. სენიორია იყო. ის ფლობდა ვრცელ მიწა-წყალს [არასრული ცნობებით, არგვეთის ტერიტორიაზე – XII ს-იდან კლდეკარის ყოფილი ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის უმკვიდროდ დარჩენილ მამულებს („ლიპარიტეთი“), სოფლებს: დერჩი, საბანელა, კვახჭირი და სხვ., მაღლაკში – „აბანოს სახლს“ მისი შემოსავლითურთ – დღევანდელი წყალტუბო]. მეურნეობის წამყვანი დარგი იყო მიწათმოქმედება. განვითარებული მევენახეობა, ღვინის, თაფლისა და სანთლის სასაქონლო-საბაზრო წარმოება მონასტერს დიდ ფულად შემოსავალს აძლევდა.

XII–XV სს-ში გ. მ-ს მინიჭებული ჰქონდა იმუნიტეტი (სასამართლო, საგადასახადო შეუვალობა და სხვ.), აღიარებდა მხოლოდ მეფის უმაღლეს უფლებას. საქართვ. კათოლიკოს-პატრიარქსაც კი არ ჰქონდა მასზე არავითარი სახელისუფლო ძალა (გარდა მღვდლების კურთხევისა). გ. მ-ში მეფეს ჰყავდა თავისი პირადი წარმომადგენლები (მოძღვართმოძღვარი, გვიან კი გელათის ეპისკოპოსი). მონასტრის უფროსი მონაზვნები და მოძღვართმთავარი მონაწილეობდნენ სამეფო დარბაზობაში. XIII ს. II ნახ. – XV ს-ში ქვეყნის პოლიტ.-ეკონ. დაკნინების გამო (მონღოლების, თემურლენგის შემოსევები, გამწვავებული შინაფეოდ. საადგილმამულო ბრძოლები) გ. მ-ის ეკონ. და კულტ. ცხოვრება შეფერხდა. მისი ძვ. მდგომარეობა ნაწილობრივ აღადგინა გიორგი V ბრწყინვალემ.

საქართველოს პოლიტ. დაშლის (XV ს. II ნახ.) შემდეგ გ. მ. დას. საქართვ. მეფეების ხელში გადავიდა. 1510 წ. 23 ნოემბ. იგი გადაწვა იმერეთში შემოჭრილმა ოსმალთა ჯარმა. იმერეთის მეფეებმა ბაგრატ III-მ და გიორგი II-მ გ. მ-ში დიდი მასშტაბის სამეურნეო და სამშენებლო სამუშაოები ჩაატარეს – საფუძვლიანად შეაკეთეს და მოხატეს ტაძრები, განაახლეს გაუქმებული და მიტოვებული ეკლესია-ეგვტერები, შესწირეს მონასტერს ახ. მამულები. ბაგრატ III-ს თანამედროვენი გელათის „მეორე აღმშენებელს“ უწოდებენ. მას მხარში ედგნენ გელათის ეპისკოპოსი მელქისედეკ საყვარელიძე და დას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ევდემონ ჩხეტიძე. ყველა ეს „მაშენებელი“ გამოსახულია გ. მ-ის ტაძრების კედლის მხატვრობაში და მოხსენიებულია მემორიალურ წარწერებში. XVI ს. 20-იან წლებში ბაგრატ III-მ გ. მ-ში საეპისკოპოსო კათედრა დააარსა, რამაც გარკვეულად აამაღლა მონასტრის პოლიტ.-მორალური და ეკონ. მდგომარეობა (იხ. გელათის საეპისკოპოსო). XVI ს. II ნახევარში დას. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადმოიტანეს. 1650 და 1651 გ. მ. ორჯერ მოინახულეს და აღწერეს იმერეთის მეფის კარზე მყოფმა რუსმა ელჩებმა ტოლოჩანოვმა და იევლევმა.

XVIII ს-იდან გ. მ-ში დიდი მასშტაბის აღდგენითი სამუშაოები გასწიეს გიორგი VI-მ, ალექსანდრე V-მ, სოლომონ I-მა, სოლომონ II-მ და გელათის ეპისკოპოსებმა. XVIII ს. დამლევს მონასტერი ფლობდა 42 სოფელს. გ. მ-ში, როგორც მტრისაგან დაცულ ადგილას, საუკუნეთა მანძილზე თავს იყრიდა ხელოვნებისა და ლიტ-რის მრავალი ძეგლი, რ-ებმაც მოაღწიეს დღემდე (ხახულის, მაცხოვრის, გელათის ღვთისმშობლის ხატები და სხვ.). გ. მ. შუა საუკუნეებში ქართ. კულტურის თავისებური მუზეუმიც იყო. აქ დასვენებული ხახულის ღვთისმშობლის ხატის მიხედვით, ისტ. დოკუმენტებში გ. მ. ხშირად იწოდება „ხახულის ღვთისმშობლად“. იმერეთის სამეფოს რუს. იმპერიასთან შეერთების (1810) შემდეგ გ. მ. საეკლ. სენიორიდან სახელმწ. მონასტრად იქცა.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს შუაგულში აღმართული ღვთისმშობლის მიძინების ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი „აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა“. გარედან იგი სწორკუთხა მოხაზულობისაა, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს 3 შვერილი წახნაგოვანი აფსიდი. შიგნით გუმბათის ყელი ეყრდნობა აფსიდის შვერილებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძზე ამოყვანილ კვადრ. ფუძეს. კვადრატიდან გუმბათზე გადასვლა განხორციელებულია აფრების მეშვეობით. ტაძარს გარს ერტყმის მოგვიანო ხანის – XII და XIII სს. მინაშენები: დას. მხარეს სტოა, სამხრ-იდან და ჩრდ-იდან ეგვტერები. შენობის ძირითად ნაწილს 5 შესასვლელი აქვს – თითო კარია ჩრდ. და სამხრ. მკლავებში და 3 – დას. მკლავში, ყველა კარი შიგნიდან თაღიანია. ტაძრის ფართობი მინაშენების ჩათვლით დაახლ. 35 მ X 36 მ-ა, სიმაღლე 34 მ-მდე. ცენტრ. სივრცე უხვად ნათდება მაღალი და ფართო სარკმლებით.

ტაძრის კედლები შემოსილია ეკლარის ქვის სუფთად გათლილი კვადრებით. ზოგი მათგანი არაჩვეულებრივად დიდი ზომისაა. გადმოცემის თანახმად, ეს ქვები თვით დავითის ხელითაა ჩასმული. ქვა თავდაპირველად თეთრი ყოფილა, ახლა კი მოყვითალო ფერი დაჰკრავს. ტაძრის ძირითადი შენობის ოთხივე მასიურ ფასადს და გუმბათის ყელს სიმსუბუქეს ანიჭებს და აცოცხლებს რთული რიტმის დეკორ. თაღები. სხვა მორთულობას თითქმის სრულიად მოკლებულია, თუ არ ჩავთვლით სამხრ. კედლის აღმ. ნაწილს, რ-იც თითქოს განსაკუთრებით არის ხაზგასმული – აქ არის ერთადერთი სარკმელი, შემკული მოჩუქურთმებული საპირით და მის ზემოთ მოთავსებული ასევე მოჩუქურთმებული ვარდულით. ფართო და უხვად განათებული შიგა სივრცე საზეიმო შთაბეჭდილებას ტოვებს. გუმბათის ყელში 16, ხოლო ყოველ მკლავში 3-3 სარკმელია. შიგნით კედელ-კამარები ერთიანად დაფარულია სხვადასხვა დროის მხატვრობით. მთავარ, საკურთხევლის კონქში მოთავსებულია ბრწყინვალე მოზაიკური კომპოზიცია – ოქროსფერ ფონზე გამოსახული ღვთისმშობელი და ორი ანგელოზი (იხ. გელათის მოზაიკა). დას. სტოაში XII ს. ფრესკებია, რ-ებზეც გამოსახულია საეკლ. კრებები, ხოლო სამხრ. ეგვტერში – XIII ს-ში შესრულებული დავით ნარინის ორი პორტრეტი. ბიბლიურ სცენებთან ერთად გვხვდება ისტ. პირთა პორტრეტებიც (XVI ს.). ჩრდ. კედელზე გამოსახული არიან იმერეთის სამეფო ოჯახის წევრები. აქვეა დავით აღმაშენებლის ფრესკული გამოსახულება, რ-იც, როგორც ჩანს, უფრო ადრინდ. მხატვრობას მიეკუთვნება, მაგრამ ძვ. ნახატის მიხედვით განახლებული და აღდგენილია XVI ს-ში.

მთავარი ტაძრის აღმ-ით აღმართულია XIII ს. შუა ხანებში აშენებული წმ. გიორგის ეკლესია. გეგმით, არქიტ. ფორმებით, საშენი მასალითა და ფასადების დეტალების გადაწყვეტით იგი მთავარ ტაძარს იმეორებს, მაგრამ უფრო მცირე ზომისაა. გუმბათი აქაც აფსიდის კუთხეებსა და ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა, შიგნით კედლები დაფარულია XVI ს. II ნახ. მოხატულობით. დას-ით კარიბჭეა. ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, პროპორციები მაღალია და მოხდენილი, დეკორი – ძუნწი.

მთავარი ტაძრის დას-ით 9 მ-ზე აღმართულია წმ. ნიკოლოზის ორსართულიანი ეკლესია. იგი XIII–XIV სს. მიჯნაზეა აგებული. გეგმით სწორკუთხა ქვედა სართული ნაგებია უხეშად გათლილი ქვით. ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით. სუფთად გათლილი კვადრებით ამოყვანილი მეორე სართული კი წარმოადგენს მცირე ზომის „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვან ეკლესიას, რ-საც აღმ-ით ბემიანი აფსიდი აქვს. II სართულზე ასასვლელად მიშენებულია ქვის კიბე.

მთავარი ეკლესიის ჩრდ.-დას-ით აღმართულია XIII ს. სამრეკლო. ისევე, როგორც მთელი ანსამბლი, სამრეკლოც მოყვითალო ფერის ეკლარის ქვით არის ნაგები. შიგნიდან სამსართულიანია. თაღებით გახსნილ ქვედა ნაწილში წყაროა, მის თავზე – პატარა სათავსი, ხოლო სულ ზემოთ – შვიდთაღიანი ქვის ფანჩატური. გამოთქმულია მოსაზრება, რომ სულ ქვემო ნაწილი, რ-შიც წყაროა, XII ს-ში არსებობდა, ხოლო ზემო ნაწილი XIII ს-ში დააშენესო. გელათის ანსამბლში შედის აგრეთვე აკადემიის შენობა, რ-მაც ჩვენამდე დაზიანებული სახით მოაღწია. გეგმით სწორკუთხა ნაგებობას (ფართ. დაახლ. 300 მ²) აღმ-ით 3 შესასვლელი ჰქონდა. მოგვიანებით შუა შესასვლელს მდიდრულად მორთული კარიბჭე მიაშენეს. კედლების გასწვრივ ქვის დასაჯდომები იყო გაყოლებული. შენობა დიდი სარკმლებით ნათდებოდა. კედლები დაფარული იყო მოხატულობით (ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები).

გალავანში, მონასტრის ტერიტორიაზე, შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების სათავსების ნაშთები, რ-ებშიც მოთავსებული იყო ბერების სენაკები, ეპისკოპოსის სამყოფელი, სატრაპეზო და სხვ. გალავანს აღმ-ით და სამხრ-ით აქვს შესასვლელები. მთავარ, სამხრ. შესასვლელში დავით აღმაშენებლის საფლავია. ლეგენდის თანახმად, დავითს თვითონ აურჩევია ეს ადგილი, რათა მონასტერში შემსვლელს მის საფლავზე დაედგა ფეხი. გალავნის გარეთ ჩრდ.-აღმ-ით, დაახლ. 150 მ²-ზე, სოხასტერის ხუროთმოძღვრული კომპლექსია, ხოლო სამხრ.-დას-ით შემაღლებულ ადგილზე 2 პატარა ეკლესია დგას. ირგვლივ სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთებია. ერთი მათგანი, X–XI სს. წმ. საბას ეკლესია, დარბაზული ნაგებობაა, რ-საც დას. მხრიდან მინაშენი აქვს. დღეისათვის ძლიერ დაზიანებულია. გარედან შემოსილია სუფთად გათლილი, სწორ რიგებად ნაწყობი მოზრდილი კვადრებით. დასავლეთის მინაშენი XIII ს. მიეკუთვნება. გზის გადაღმა, რამდენიმე ათეულ მეტრზე წმ. ილიას დარბაზული ეკლესიაა, რ-იც ჩრდ. ეგვტერს თაღოვანი გასასვლელით უკავშირდება. ორივე სათავსის აფსიდები დაკავშირებულია დამატებითი კარით. კედლები შემოსილია გათლილი ქვით. დას. სარკმლის ქვეშ მოთავსებულ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მხატვარი გიორგი ჯოხთაბერიძე. მოშორებით, წყალწითელას ხეობაში, ე. წ. „დავითის კონცხზე“ დიდი, გეგმით მრგვალი კოშკის ნანგრევებია. კოშკი, როგორც ჩანს, იცავდა ხეობიდან მომავალ გზას. გ. მ-ის ჩრდ-ით, გალავნიდან რამდენიმე ათეულ მეტრზე, კიდევ ერთი თლილი ქვით ნაგები ეკლესიის ნანგრევია. იგი აღმართულია უზარმაზარი კლდის ლოდზე. ლიტ-რაში მოხსენიებულია აგრეთვე სხვა ნაგებობანი, რ-თაგან უმეტესობა დანგრეულია, ბევრის კი კვალიც აღარ არის შემორჩენილი. დავითის ისტორიკოსის ცნობით, გ. მ-ის მახლობლად იყო ქსენონი. იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის მიერ გ. მ-ისადმი ბოძებულ სიგელში მოხსენიებულია მთავარანგელოზთა ეკლესიის მშენებლობა.

1923 გ. მ. დახურეს. 1988-მდე ქუთ. სახელმწ. ისტ.-ეთნოგრ. მუზეუმის ფილიალი იყო, 1988-იდან აღდგა სამონასტრო ცხოვრება და იგი კვლავ მოქმედი მონასტერია.

1990 წ. ოქტომბერში გ-ში ტრაპიზონიდან ჩამოასვენეს იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II. იგი მთავარი ტაძრის სამხრ.-დასავლეთის კედელთან დაკრძალეს. 1990 წ. აღდგა გ-ის სასულიერო აკადემია.

2005 წ. აპრილში სანქტ-პეტერბურგიდან გ-ში ჩამოასვენეს გაენათელი მიტროპ. ექვთიმე (შერვაშიძე), რ-იც 1820 წ. სამშობლოსა და ქართული ეკლესიის დაცვის გამო რუსეთში გადაასახლეს.

2006 წ. 21 სექტემბერს აღინიშნა გ-ის მონასტრისა და სასულიერო აკადემიის 900 წლის იუბილე. 1988–2007 წლებში გ-ის სამონასტრო კომპლექსში ამოქმედდა: ღვთისმშობლის შობის მთავარი ტაძარი, წმ. გიორგის, წმ. ნიკოლოზის, წმ. ილია წინასწარმეტყველისა და ღვთისმშობლის წყაროცხოვრების ეკლესიები. 2007-იდან დღემდე გაიხსნა და მოქმედებს: გ-ის წმ. საბა განმწმედელის, გ-ის მთავარანგელოზთა და ზემო გელათის წმ. ნინოს მონასტრები. ზემოთ აღნიშნულ სავანეებში მოღვაწეობენ: არქიმ. იოსები (ბურჯანაძე), მღვდელი იოანე იოსელიანი, ბერ-დიაკონი იაკობი (სეფისკვერაძე), ბერ-დიაკონი ევაგრე (ერისთავი); მღვდელ-მონაზონი დავითი (უმანკოშვილი); მღვდელ-მონაზონი გიორგი (გვეტაძე), ბერ-დიაკონი გაბრიელი (თუთბერიძე), ბერი გიორგი (ჩანქსელიანი); მღდელ-მონაზონი კვიპრიანე (სოხაძე), მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კობეშავიძე); მღვდელ-მონაზონი ანტონი (ჩანქსელიანი), ბერი რაჟდენი (ყაჭეიშვილი).

ლიტ.: ლომინაძე ბ., გელათი, თბ., 1955; მენაბდე ლ., ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ. 1, ნაკვ. 2, თბ., 1962; Вирсаладзе Т. Б., Фрагменты древней фресковой росписи Главново Гелатского храма, «ქართული ხელოვნება», 1959, ტ. 5; Меписашвили Р. С., Архитектурный ансамбль Гелати, Тб., 1966.

ბ. ლომინაძე

რ. მეფისაშვილი

ვ. ცინცაძე

ლ. მენაბდე