გერმუხი

გერმუხი, ქედი ჯავის მუნიციპალიტეტში, ცენტრალური კავკასიონის სამხრ. კალთაზე, ხარულის ქედის დას. ტოტი. დიდი ლიახვის, პატარა ლიახვისა და გუდისისწყლის აუზების წყალგამყოფი. იწყება ქნოღოს მთასთან, მიმართულია სამხრ.-დას-კენ და ებჯინება დიდი ლიახვის ხეობას მდ-ების თლიისწყლისა და გუდისისწყლის შესართავებს შორის. ქედის უმაღლესი მწვერვალია მანგაავცაგი (3338 მ). ამ უკანასკნელიდან მდ. ქნოღომდე მონაკვეთს ეწოდება ერმანის ქედი. აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით. ძვ. გამყინვარების კვალი განსაკუთრებით ჩრდ. კალთისათვისაა დამახასიათებელი. თხემზე ალპ. მდელოებია, კალთებზე – ტყე (დას. ნაწილში გვხვდება წიწვოვნებიც).

ლ. მარუაშვილი