გეშტალტფსიქოლოგია

გეშტალტფსიქოლოგია, ფსიქოლ. მიმდინარეობა, რ-იც შემუშავდა გერმანიაში XX ს. 10–30-იან წლებში. მისი ფუძემდებლები არიან მ. ვერთჰაიმერი, ვ. კელერი და კ. კოფკა. ამავე პერიოდში შექმნილი ბიჰევიორიზმის მსგავსად, გ. გამოხატავდა უკამაყოფილებას კლასიკური ცნობიერების ფსიქოლოგიის, კერძოდ, მისი ელემენტარიზმის მიმართ. გ-ს არ მიაჩნია მართებულად ცნობიერების შესწავლა მისი ელემენტებად დაშლისა და ასოციაციებად გაერთიანების პრინციპის საფუძველზე. გ. არის ჰოლისტური, მთლიანობითი ფსიქოლოგია.

მთლიანობის იდეა იმ გაგებით, რომ ფსიქიკური მთლიანობა ნაწილებისგან განსხვავებული და მათზე დაუყვანადი თვისებრიობის მატარებელია, ბევრად ადრე იყო გამოთქმული თავად კლასიკურ ფსიქოლოგიაში (ჯ. ს. მილი, ვ. ვუნდტი და სხვ.). გ-ის უშუალო მემკვიდრე გახდა ავსტრიული (გრაცის) სკოლა, სადაც „გეშტალტ-თვისების“ ტერმინით აღინიშნებოდა საგანთა ისეთი თვისებები, რ-ებიც არ გამოიყვანება ელემენტარული შეგრძნებებიდან, მაგრამ ელემენტარისტული პოზიციის შესაცვლელად ეს არ არის საკმარისი. საჭიროა ითქვას, რომ მთელს პირველადობაც ეკუთვნის, რომ მთლიანობა არის მთავარი და ამოსავალი მოცემულობა, რ-იდანაც უნდა დაიწყოს ანალიზი, ხოლო ნაწილი (ელემენტი) მხოლოდ მისგან გამოიყოფა და მასში პოულობს თავის მნიშვნელობას.

ასე დაისვა საკითხი გ-ში თავდაპირველად აღქმის პროცესის დახასიათებისას. უწევდა რა ანგარიშს ბუნებისმეტყველების, სახელდობრ, ფიზიკის ტენდენციებს, რ-იც იმ ხანად გატაცებული იყო ელექტრომაგნიტური ველების მთლიანობითი ბუნების ჩვენებით, გ. თამამად მიმართავდა ანალოგიას და ფსიქიკას განიხილავდა დინამიკური ველის სახით. ანალიზის ერთეულად ითვლება გეშტალტი, როგორც შეგრძნებათა ჯამზე დაუყვანადი, მთლიანობითი პერცეპტულ-კოგნიტური სტრუქტურა. სამყაროს ერთიანი ჰოლისტური მოწყობის პრინციპი გახდა იდეური წყარო v. კელერის მიერ დამუშავებული იზმორფიზმის კონცეფციისა, რ-იც გ-ის მეტათეორიული საფუძველია. ის უშვებს ცნობიერების ველის შესატყვისი მთლიანობითი პროცესების არსებობას ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ-ქიმიურ დონეზე.

გ. საბუნებისმეტყველო ტიპის, ექსპერიმენტული ფსიქოლ. მიმდინარეობაა. ამავე დროს, მისი მეთოდოლოგია ფენომენოლოგიურია, რ-იც კარნახობს ცნობიერების ფენომენები აღწეროს ისე, როგორც ისინი არიან მოცემული უშუალო დაკვირვებაში, მათში რაღაც ნაწილების (ელემენტების) ძიების ინტენციის გარეშე. ამ მეთოდოლოგიით კვლევის შედეგად დადგინდა გეშტალტიზაციის ფაქტორები და კანონები, მათ შორის საკვანძო მნიშვნელობა შეიძინა ფიგურა-ფონისა და პრეგნანტობის კანონმა. ეს უკანასკნელი გამოხატავს პერცეპტული ველის ტენდენციას, წარმოქმნას რაც შეიძლება მდგრადი, დასრულებული და ეკონომიური კონფიგურაციები (გეშტალტები). ასევე ექსპერიმენტულად გამოვლინდა ფაქტორები, რ-ებიც ფიზიკური ველის მონაცემებიდან გეშტალტების შექმნას უწყობს ხელს. მოგვიანებით გ-ის პრინციპები გავრცელდა მთელ კოგნიტურ სფეროზე (მეხსიერება, აზროვნება).

ქართული ფსიქოლოგიის ინტერესი გ-ის მიმართ ყოველთვის დიდი იყო, რაც სავსებით ბუნებრივია, რამდენადაც, როგორც გ., ისე განწყობის თეორია ჰოლისტური თვალსაზრისებია და მთლიანობის პრინციპი მათთვის პრიორიტეტულია. დ. უზნაძის ინიციატივით და რედაქციით გამოსულ პირველივე კრებულში „ფსიქოლოგიის თანამედროვე მიმდინარეობები“ (1935), რ-იც მოწოდებული იყო გაეცნო ქართ. სამეცნ. საზ-ბისთვის იმდროინდელი ფსიქოლ. საუკეთესო ნიმუშები, გ-ს სოლიდური ადგილი დაეთმო. დ. უზნაძის „ზოგად ფსიქოლოგიაში“ ვრცლად არის წარმოდგენილი გ-ის მონაპოვარი აღქმის ფსიქოლოგიის სფეროში. ეს მონაცემები, ისევე როგორც გ-ის პრინციპები, გამოყენებული და გარჩეულია მრავალი ქართველი ფსიქოლოგის ნაშრომში. უზნაძე აღნიშნავდა, რომ გ-ის ძირითადი ნაკლი სუბიექტის როლის იგნორაციაშია. გ-ზე ვრცელდება მისი მოსაზრება, რომ აქამდე შექმნილი ფსიქოლ. კონცეფციები მცდარ მეთოდოლოგიურ პრინციპს ‒ უშუალობის პოსტულატს ეფუძნებიან. გ-ის მიხედვით, მთლიანობითი ხასიათის ფსიქიკური მოვლენები განსაზღვრავენ კერძო (ელემენტარულ) განცდებს, მაგრამ უშუალობის პოსტულატი აქაც ძალაში რჩება ‒ ერთი ფსიქიკური მოვლენა უშუალოდ განსაზღვრავს მეორეს. იგნორიებულია ის უმთავრესი გარემოება, რომ მათ ურთიერთმიმართებას აშუალებს სუბიექტი. გეშტალტი როგორც განცდა, უდავოდ პირველადია, მაგრამ მის საფუძველში ძევს სუბიექტის მთლიანობითი ცვლილება, რასაც დ. უზნაძე განწყობას უწოდებს. განწყობის თეორიის გადასახედიდან, გ-ის კიდევ ერთ ნაკლად ისიც შეიძლება ჩაითვალოს, რომ იგი ფენომენოლოგიურია, ანუ იზღუდება ცნობიერი მოვლენების კვლევით და მის იქით ვერ ხედავს სხვა ფსიქიკურ (არაცნობიერ) რეალობას.

ლიტ.: ბოჭორიშვილი ა. ფსიქოლოგიის პრინციპული საკითხები. ნაწ. 2. თბ., 1959; იმედაძე ი. ფსიქოლოგიის ისტორია. თბ., 2018; უზნაძე დ. ზოგადი ფსიქოლოგია. თბ., 1998 ; Шульц Д. П., Шульц С. Э. История современной психологии. СПб., 1998.Boring E. G. History of experimental psychology. New York: Appleton-Century-Crofts, 1950; Hunt M. The Story of Psychology. N.Y., 2007.

 ი. იმედაძე