გეწაძე ელდარ შალვას ძე

გეწაძე ელდარ შალვას ძე (დ. 27. IX. 1945, ზესტაფონი), მომღერალი (ბარიტონი). საქართვ. სახ. არტისტი (1984).

1971 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვ. ვოკალური ფაკ-ტი (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1970 შედგა გ-ის დებიუტი თბილ. ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (კიაზოს პარტია, ზ. ფალიაშვილის „დაისი“). 1974-იდან იგი ამ თეატრის სოლისტია და წარმატებით ასრულებს ბარიტონის წამყვან პარტიებს, რ-თაგან აღსანიშნავია ბელკორე (გ. დონიცეტის „სიყვარულის ნექტარი“), რიგოლეტო, იაგო, და ლუნა, დი პოზა, ჟერმონი (ჯ. ვერდის „რიგოლეტო“, „ოტელო“, „ტრუბადური“, „დონ კარლოსი“, „ტრავიატა“), დონ ჟუანი (ვ. მოცარტის „დონ ჟუანი“) სილვიო (რ. ლეონკავალოს „ჯამბაზები“), სკარპია (ჯ. პუჩინის „ტოსკა“), ელეცკი (პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი“), ალეკო (ს. რახმანინოვის „ალეკო“), მურმანი, კიაზო (ზ. ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“), ბერდო (რ. ლაღიძის „ლელა“) და სხვ.

ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას მდიდარი ვოკალური რეპერტუარით (რ. შუმანის „სიმღერათა წრე“, ო. თაქთაქიშვილის „7 ლექსი“, მისივე ციკლები ა. წერეთლისა და ს. ჩიქოვანის ლექსებზე: ი. ს. ბახის, გ. ჰენდელის, ვ. ა. მოცარტის, მ. გლინკას, ა. დარგომიჟსკის, პ. ჩაიკოვსკის, ს. რახმანინოვის, დ. კაბალევსკის, დ. არაყიშვილის, ზ. ფალიაშვილის, მ. ბალანჩივაძის, შ. მშველიძის, ს. ცინცაძის, რ. ლაღიძის და სხვა ქართვ. კომპოზიტორთა ნაწარმოებები). გასტროლები გამართა ყოფ. სსრკ და საზღვარგარეთის ქ-ებში. 1985 ლენინგრ. სახელმწ. ფილარმონიაში დაიდგა ვერდის „ნაბუქო“, სადაც გ-მ ნაბუქოს პარტია შეასრულა.

გ-ის შესრულება გამოირჩევა ფართო ვოკალურ-არტისტული დიაპაზონით, მაღალი სცენური კულტურით.

ლ. ესაძე