გერცენი ალექსანდრე ივანეს ძე

გერცენი ალექსანდრე ივანეს ძე (ნამდვ. გვარი იაკოვლევი, ფსევდ. ისკანდერი) [25. III (6. IV). 1812, მოსკოვი, –9 (21). I. 1870, პარიზი], რუსი მწერალი, პუბლიცისტი, ფილოსოფოსი, რევ. მოღვაწე.

გ-თან იდეური და პირადი ურთიერთობა აკავშირებდა ბევრ ქართვ. მოღვაწეს. 1835–36 რევ. მოღვაწეობისათვის გ. გადასახლებული იყო ვიატკაში, სადაც სასჯელს იხდიდნენ 1832 შეთქმულების მონაწილე დოდაშვილი სოლომონ|ს. დოდაშვილი და ი. მამაცაშვილი. გ-მა, ინახულა მომაკვდავი ს. დოდაშვილი. გ-თან განსაკუთრებით ახლოს იყო ნ. ნიკოლაძე. ისინი ერთმანეთს დაუახლოვდნენ საზღვარგარეთ 1864–65.

გ-ის თხოვნით ნ. ნიკოლაძემ „რიონელის“ ფსევდონიმით გაზ. „კოლოკოლში“ 1865 რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა („გლეხთა განთავისუფლება საქართველოში“, რ-შიც სასტიკად აკრიტიკებდა „ცრუ განთავისუფლების კომედიას“, „ივლისის დღეები თბილისში“ და სხვ.). გ. დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართვ. მოსწავლე ახალგაზრდობაში, რასაც ადასტურებს ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“, ნ. ნიკოლაძის, ი. მანსვეტაშვილის, ს. მგალობლიშვილის, ა. სუმბათაშვილ-იუჟინისა და სხვათა მოგონებები.

გ-მა გარკვეული როლი ითამაშა „თერგდალეულთა“ მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაში და საერთოდ ქართული საზ. აზრის განვითარებაში. დემოკრ. ჟურნ. „კრებულის“ (1871) პირველსავე ნომერში დაიბეჭდა გ-ის „ექიმ კრუპოვის“ თარგმანი. ვინაიდან ავტორის ხსენება ცენზურის მიერ აკრძალული იყო, თარგმანს აწერია „რუსულიდან“. 1912 ქართ. ჟურნალ-გაზეთები („ცნობის ფურცელი“, „განათლება“, „კოლხიდა“ და სხვ.) ფართოდ გამოეხმაურა გ-ის დაბადების 100 წლისთავს, ხოლო 1914 გაზ. „შრომაში“ ვრცელი წერილი დაიბეჭდა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე.

თხზ.: რჩეული ფილოსოფიური თხზულებანი ორ ტომად, ტ. 1, თბ., 1953.

ლიტ.: ინწკირველი გ., გერცენი–დიდი რუსი მოაზროვნე და რევოლუციური დემოკრატი, თბ., 1962; ლენინი ვ. ი., გერცენის ხსოვნას, თბ., 1948; ღუდუშაური პ., გერცენი და ქართველი საზოგადოებრიობა, თბ., 1962. სურგულაძე ა., რუსეთის იმპერია XIX საუკუნეში, თბ., 1973.

ვ. შადური