გამყრელიძე პეტრე დიანოზის ძე

პ. გამყრელიძე 

გამყრელიძე პეტრე დიანოზის ძე [3 (16). V. 1903, სოფ. სომიწო, ახლანდ. ონის მუნიციპალიტეტი, – 7. VII. 1979, თბილისი], გეოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1960; წ.-კორ.–1955). გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1948), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1962).

1930 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი და იქვე დაიწყო მუშაობა. 1937–60 იყო ჯერ გამოყენებითი გეოლ. კათედრის, ხოლო მისი რეორგანიზაციის შემდეგ – მადნეულ საბადოთა გეოლ. და დაზვერვის კათედრის გამგე. 1933-იდან მუშაობდა აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. გეოლ. ინ-ტში, 1955–78 იყო ინ-ტის დირექტორი. გ. საქართვ. და მთელი კავკ. რეგიონული გეოლ. და ტექტონ. თვალსაჩინო მკვლევარია. გ-ის ძირითადი შრომები ეხება საქართვ. და ყოფ. სსრკ სამხრ. რ-ნების ალპ. ზონის სტრატიგრაფიისა და ტექტონ. საკითხებს. მას ეკუთვნის საქართვ. გეოტექტონ. დარაიონების ძირითადი სქემა. მისი მრავალწლიანი (1967–77) კვლევის შედეგად შემუშავდა ახ. წარმოდგენები კავკასიონის სამხრ. ფერდობის გეოლ. აგებულების შესახებ. იყო ერთ-ერთი ავტორი და რედაქტორი საქართვ. გეოლ. შესახებ შექმნილი პირველი განმაზოგადებელი. ნაშრომისა (Геология СССР, т. 10–Грузинская ССР, ч. 1. Геологическое описание, М., 1964; საქართვ. სახელმწ. პრემია, 1973). 1971-იდან იყო ყოფ. სსრკ საუწყებათშორისო ტექტონ. კომიტეტის წევრი და მისი კავკ. სექციის თავ-რე, საფრ. გეოლ. საზ-ბის წევრი. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Геологическое описание части долин рр. Дзирулы и Чхеримелы, «საქართველოს გეოლოგიური ინ-ტის მოამბე», 1933, ტ. 1, ნაკვ. 2; Геологическое строение Аджаро-Триалетской складчатой системы. Тб., 1949; Основные черты тектонического строения Грузии, «გეოლოგიური ინ-ტის შრომები. გეოლოგიური სერია», 1957, ტ. 10 (15); Глубинные разломы в тектоническом строении Грузии, წგ.: Международный геологический конгресс, XXII сессия. Доклады советских геологов, М., 1964; Основные черты геологии Грузии в связи с ее глубинным строением, წგ.: Глубинное строение Кавказа, М., 1966; Основные черты тектонического строения Кавказа, «Геотектоника», 1966, № 3; Тектонические покровы Южного склона Большого Кавказа (в пределах Грузии), Тб., 1977 (თანაავტ. И. Гамкрелидзе).

ვ. ჯავრიშვილი