ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი

ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოტანიკის ინსტიტუტისა, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი. მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრ.-დას. კალთებზე, ზ. დ. 1700 მ.

დაარსდა 1910 კოხტაგორის დას. კალთაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 ბაღი საქართვ. ბოტან. ინ-ტს გადაეცა. 1937 დაბის ტერიტორიაზე, 27 ჰა-ზე ახალი ბაღი გაშენდა, 10 ჰა-ზე შემორჩენილია პირველადი ნაძვნარი. 2011-იდან ბოტანიკის ინ-ტი და მისი ქვედანაყოფები, მ. შ. ბ. ა. ბ. ბ. ილიას სახელმწ. უნ-ტის დაქვემდებარებაშია.

ბ. ა. ბ. ბ-ის ძირითადი დანიშნულებაა კავკ. მაღალმთიანეთის მცენარეთა კოლექციების შექმნა, მათი აკლიმატიზაციისა და დამახასიათებელ ბიოეკოლ. თავისებურებათა შესწავლა, ეთნობოტანიკური კვლევები; ბაღი საუნივერსიტეტო განათლების მნიშვნელოვანი ცენტრია. მის კოლექციებს შორის აღსანიშნავია: 1. ალპურ მცენარეთა კოლექცია, სადაც მცენარეთა განლაგებას საფუძვლად უდევს ეკოლ.-გეოგრ. პრინციპი.

სახეობათა და ფორმათა სიმრავლით იგი უნიკალურია. აქ თავმოყრილია კავკ. სხვადასხვა რეგიონიდან გადმოტანილი 1000-მდე სახეობა (ქარცხვი, კენკეშა, ცის ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, მთის ბარისპირა, ფრინტა, მშვენიერი დეზურა, პონტოური ნაღველა, თეთრყვავილასა და იორდასალამის სახეობები და სხვ.). კოლექციას 1,5 ჰა უკავია. 2. მერქნიან მცენარეთა კოლექცია მოიცავს კავკასიის ფლორის 70-მდე (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, კავკასიური სოჭი, თელა, და სხვ.) და ეგზოტურ მცენარეთა 60-მდე სახეობას (დუგლასის ცრუცუგა, ევროპული, ენგელმანის და მჩხვლეტავი ნაძვი, მანჯურიული კაკალი, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვ.).

ბაღს ასევე გააჩნია ადგილობრივი (ბორჯომის მუნიციპ.) ფლორის ჰერბარიუმი, რომლის კოლექცია აღემატება 2000 საჰერბარიუმო ფურცელს. ბაღს მჭიდრო კონტაქტები აქვს უცხოეთის ბევრ ბოტან. დაწესებულებასთან.

ა. ჯავახიშვილი

შ. სიხარულიძე