გაყრა

გაყრა, 1. ქართულ ჩვეულებით სამართალში ნიშნავდა დამოუკიდებელი ოჯახების შექმნის მიზნით დიდი ოჯახის დაშლას და თითოეული მათგანისთვის საკუთარი ქონების გამოყოფას. 2. თანამედროვე გაგებით, იგივეა რაც განქორწინება, მეუღლეთა ერთობლივი თანაცხოვრების შეწყვეტა.

გ., ისევე როგორც გაშორება, საკანონმდებლო ტერმინი არ არის. მის შედეგად რეგისტრირებული ქორწინების ოფიც. შეწყვეტა და განქორწინების მოწმობის გაცემა არ ხდება.

ადრეფეოდალურ საქართველოში ოჯახები ინარჩუნებდნენ საოჯახო თემის ნიშნებს. გვიანფეოდალური ხანიდან კი, როდესაც დიდი ოჯახი მიაღწევდა განვითარების გარკვეულ დონეს, საოჯახო ქონების განაწილებით ხდებოდა დიდი ოჯახის გ. თავადთა სახლეულის გ-ს მისი სოც. და პოლიტ. დასუსტება მოსდევდა, მაგრამ გ. ყოველთვის არ ნიშნავდა სათავადოს დაშლას. გ. ოჯახის უფროსის, პირველი თაობის უხუცესის გარდაცვალების შემდეგ მიიჩნეოდა მიზანშეწონილად, თუმცა მრავალრიცხოვანი ოჯახის გ. მამის სიცოცხლეშიც ხდებოდა. ოჯახის გ. ეკონ. ფაქტორითაც აიხსნებოდა. ოჯახის გ-ის შემდეგ, მამისეულ ოჯახში, ტრადიციულად, უმცროსი ვაჟი რჩებოდა.

დიდი ოჯახის გ-ის დროს პატრიარქალურ-გვაროვნული პრინციპით ხელმძღვანელობდნენ – საოჯახო ქონებიდან ყველა ძმას თავისი წილი გამოეყოფოდა; ხშირად ეს წილი განსხვავებულიც იყო. საოჯახო ქონების მოწილეებად მხოლოდ ვაჟიშვილები მიიჩნეოდნენ, ქალიშვილს საოჯახო ქონებიდან წილი არ ერგებოდა, მას მხოლოდ მზითევი ეძლეოდა. ძმების წილის აღმნიშვნელი ძირითადი ტერმინები მოცემულია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნის მე-100 მუხლში: „გაყრაში ეს ოთხი არის: საუფროსო, გასამყრელო, საუმცროსო და საშუალო“. უფროს ძმას სხვა ძმებთან შედარებით მეტი ქონება – საუფროსო, ანუ საუხუცესო ეძლეოდა, უმცროსს კი – საუმცროსო. გიორგი XI-მ შუათანა ძმებისათვის დააწესა საშუალო სარგო – გასაყოფი გლეხების „ოცისთავი“, ანუ მეოცედი. „გასამყრელო“ მეფის წილი იყო. გამორჩეულად გამჭრიახ და შრომისმოყვარე ძმას, რ-იც ოჯახის საერთო ქონებას საგრძნობლად გაზრდიდა, ოჯახის გ-სას, ამავე სამართლის წიგნის მიხედვით, საჭირნახულო მიეცემოდა.

ლიტ.: ბ ო ს ტ ო ღ ა ნ ა შ ვ ი ლ ი დ. ოჯახის გაყრის წესები აღმოსავლეთ საქართველოში, ჟურნ. სამართალი N1-2, 1998; ნადარეიშვილი გ., ძველი ქართული საოჯახო სამართალი, თბ., 1996., ხ ო ფ ე რ ი ა მ., ოჯახის გაყრის წესები ძველი ქართული სამართლის მიხედვით, სადისერტ. ნაშრ. თბ. 2015; ქართული სამართლის ძეგლები, ტ. 1, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული, თბ. 1963, ი. დოლიძის გამოც.