ადვოკატი

ადვოკატი (ლათ. advocatu advoco-ვიხმობ), იურისტი, რ-იც სასამართლოში ან სხვა სათანადო სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში წარმოადგენს და იცავს იმ პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რ-იც იურიდიულ დახმარებას საჭიროებს. თავდაპირველად ძვ. რომაელები ა-ად მოიხსენიებდნენ იმ მეგობარსა და ახლობელს, რ-საც სთხოვდნენ სასამართლოში საქმის გარჩევისას თანხლებას. რომის იმპერიის პერიოდიდან კი ა-ად იწოდებოდა სასამართლო დამცველი. საქართველოში სასამართლო წარმომადგენლობის ინ-ტს ძველთაგანვე იცნობდნენ. ივ. ჯავახიშვილის აზრით, შუა საუკუნეების ზოგიერთი საბუთი გვაფიქრებინებს, რომ მხარეებს სასამართლოში შესაძლოა დამცველიც ჰყოლოდათ, რ-საც „მეოხი“ ეწოდებოდა. ნ. ბერძენიშვილის მიხედვით, ძველად „მოსამართლე“ არამარტო მსაჯულს, არამედ სასამართლოში მოდავე მხარის მონაცვლე ანდა ქომაგ კაცს ნიშნავდა. დავით ბატონიშვილის კანონპროექტების მიხედვით, სასამართლო დამცველის მოვალეობა „მენაცვლე“ თუ „მონაცვლე კაცს“ უნდა შეესრულებინა. სავარაუდოა, რომ ქართულში ტერმინი „ადვოკატი“ XIX ს-ში, საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ჩნდება, როდესაც რუსეთში ჩატარდა დიდი სასამართლო რეფორმა (1864) და შეიქმნა ადვოკატურა. მანამდე და მას შემდეგაც ქართ. ენაში გავრცელებული იყო ტერმ. „ვაქილი“, რ-იც თანამოსარჩელეს ნიშნავდა (იხ. სტ. ვექილი). ამჟამად საქართველოში ა-თა საქმიანობას არეგულირებს საქართვ. კანონი „ადვოკატთა შესახებ“. ა. არის თავისუფალი პირი, რ-იც ემორჩილება მხოლოდ კანონსა და პროფესიული ეთიკის ნორმებს და გაწევრიანებულია საქართვ. ა-თა ასოციაციაში. ა. სამართლებრივ მხარდაჭერას უწევს პირს, რ-იც მას დახმარებისათვის მიმართავს. იურიდ. დახმარების ფარგლებში შესაძლებელია განხორციელდეს კონსულტაციის გაწევა, ასევე იყოს პირის წარმომადგენელი საკონსტიტუციო დავის, სისხლის, სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ საქმეზე სასამართლოში, არბიტრაჟში, დაკავების, გამოძიების ორგანოებში. საადვოკატო საქმიანობა ასევე გულისხმობს მესამე პირის მიმართ სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას და პირის სახელით ნებისმიერი დოკუმენტაციის წარდგენას, ასევე ისეთი იურიდიული დახმარების გაწევას, რ-იც არ უკავშირდება მესამე პირის წინაშე წარმომადგენლობას. ა. შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, რ-იც არის საქართვ. მოქალაქე, აქვს უმაღლესი იურიდ. განათლება, ჩაბარებული აქვს ა-თა საკვალიფიკაციო გამოცდა „ადვოკატთა შესახებ“ საქართვ. კანონით დადგენილი წესით ან ჩაბარებული აქვს მოსამართლის/პროკურატურის საკვალიფიკაციო გამოცდა და გავლილი აქვს საქართვ. ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ დამტკიცებული ერთწლიანი პროფ. ადაპტაციის პროგრამა, რ-იც შედგება თეორიული ნაწილისა და სტაჟირებისგან.