გეწაძე აკაკი ისმაილის ძე

გეწაძე აკაკი ისმაილის ძე (16. X. 1923, სოფ. წესი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, – 2008, თბილისი), მწერალი, დრამატურგი.

1953 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.

პირველი ლექსები 1940 გამოაქვეყნა, გ-ის ომისშემდგომ პოეზიაში უმთავრესი ადგილი დაიკავა საბრძოლო თემატიკამ. ომის გამოძახილი იყო მისი პირველი პოეტური კრებული „ჩემი ასეული“ (1953); ჯარისკაცის ცხოვრების დრამატული შთაბეჭდილებები განსაზღვრავდა მის მომდევნო კრებულებსაც: „მდინარის ტოტი“ (1958), „ცისარტყელა“, „ჩვენი გულების სითბო“ (ორივე 1960), „კეთილი კვალი“ (1961), „აფეთქებული დუმილი“ (1973), „საით მიდიხარ, ადამიანო?“ (1987) და სხვ. გ-ის პირველი მოთხრობა „ლაზარეს წყარო“ ცალკე წიგნად გამოვიდა 1957; ამას მოჰყვა „შვილო გოგია“ (1962), „მხოლოდ ერთი ნაბიჯი“ (1969), „გაქვავებული მზე“ (1970), „მოთხრობები“ (1976), „სადგურიდან სადგურამდე“ (1980), „იყო ომი და...“ (1981), „არ მოკვდე სიკვდილამდე“ (1984), „ყარამან ყანთელაძე“ (1964), ორი რომანი („ფეხშიშველა სასიძო“ და „წმინდანები ჯოჯოხეთში“, 1987).

დიდი წარმატება ხვდა წილად კ. მარჯანიშვილის სახ. სახელმწ. თეატრში დადგმულ მის პიესას „წმინდანები ჯოჯოხეთში“ (1967, რეჟ. ლ. მირცხულავა; გამოქვეყნდა 1960), რ-იც წარმოადგინეს ყოფილი სსრკ ზოგიერთ თეატრშიც და აგრეთვე პიესას „პაემანი ცაში“ (დადგა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრმა, 1975, რეჟ. ლ. მირცხულავა).

რესპ. და საკავშ. პრემიებით აღინიშნა გ-ის პიესები „მზე ცრემლში“, „პაემანი ცაში“, „ნატყვიარი წლები“, „თოფი და სიყვარული“. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა თეატრში დაიდგა და კრებულად გამოქვეყნდა მისი პიესები „სულხან-საბა“, „ყარამანს ქალი მოჰყავს“, „დამიბრუნეთ ჩემი დედოფალა“, „ბერბიჭას აღსარება“, „სიყვარულის ხაფანგი“, „მოჭიდავე“, „ამბავი ბოშა ქალისა“, „მე გავქვავდები ქანდაკებად“, „სისხლის ცრემლები“ და სხვ.

გ. ავტორია რამდენიმე რადიოპიესისა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია უცხ. ენებზე.  მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

თხზ.: სტუმრად ბერხევში, თბ., 1990; ბეწვის ხიდები, თბ., 1995; ოლოლების ძახილი (2 ტომად), თბ., 2008.

გ. ხუხაშვილი