გეხტმანი გიორგი ნიკოლოზის ძე [20. VIII (1. IX). 1870, ქუთაისი, – 6. IX. 1956, თბილისი], ეკონომ-გეოგრაფი. გეოგრ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1923), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1941).
1895 წ. I ხარისხის დიპლომით დაამთავრა ხარკოვის უნ-ტის ისტ.-ფილოლ. ფაკ-ტი (ისტ. განყ-ბა). იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო პედ. მოღვაწეობა. იყო კავკასიის მასწავლებელთა კავშირის თბილ. განყ-ბის თავ-რე (1903), თბილ. სკოლების კლასგარეშე განათლების საზ-ბის საპატიო წევრი (1910). 1906 თბილ. I კომერც. სასწავლებლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა მოთხოვნით დანიშნეს ამ სასწავლებლის დირექტორად (იმუშავა 1919-მდე).
გ-ის მონაწილეობით გაიხსნა თბილ. ქალთა უმაღლესი კურსები (1909, პრივატ-დოცენტი, დოცენტი, 1910–14 – ისტ.-სიტყვიერების ფაკ-ტის დეკანი), თსუ სოფ. მეურნ. ეკონ. კათედრა (დოცენტი, 1920), ეკონ. გეოგრაფიის კათედრა (1923, უცვლელი გამგე გარდაცვალებამდე), სახელმწ. პოლიტექ. ინ-ტის ეკონ. ფაკ-ტი (პროფესორი, დეკანი, 1922), საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის სოფ. მეურნ. ეკონ. კათედრა (მისი პირველი გამგე, 1930). ეწეოდა ფართო სამეცნ.-პროპაგანდისტულ მოღვაწეობას. იყო საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ერთ-ერთი დამაარსებელი (1924, თავ-რის მოადგილე, საზ-ბის „შრომების“ პასუხისმგებელი რედაქტორი და სხვ.), ჟურნ. „ნაკადულის“ ერთ-ერთი დამაარსებელი (1904), პედ. ჟურნ. „ახალ სკოლისკენ“ განყ-ბის გამგე, კავკ. პედ. მუზეუმის დირექტორი, სახელმწ. საჯარო ბ-კის დირექტორი (1921–30), საქართვ. მეცნ. აკად. ვახუშტის სახ. გეოგრ. ინ-ტის ეკონ. გეოგრ. განყ-ბის გამგე, ერთხანს დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში.
გ. იყო ეკონ.-გეოგრ. მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში. მისი შრომები ეხება საქართვ., რუს. და საერთოდ მსოფლიოს ეკონ. გეოგრაფიის მრავალ თეორ. და პრაქტ. პრობლემას. ერთ-ერთმა პირველმა შეისწავლა რესპ. ალპ. მეურნეობა და დასახა მისი განვითარების გზები. მოგვცა ამიერკავკ. რესპუბლიკების პირველი სისტემატიზებული სამეურნეო-გეოგრ. აღწერა, შეიმუშავა საქართვ. ეკონ. დარაიონების საინტერესო სქემა.
გ-მა საფუძველი ჩაუყარა გეოგრ. აღმოჩენათა ისტ. შესწავლას საქართველოში, გეოგრ. მეცნ. პოზიციებიდან შეაფასა ვახუშტი ბატონიშვილისა და ს.-ს. ორბელიანის თხზულებები. შეიმუშავა ქართ. ენაზე სპეც. ეკონ.-გეოგრ. ტერმინოლოგია, შეადგინა სხვადასხვა სახის სიტყვარ-ცნობარები (ფიზ. გეოგრაფიის. 1940; გეოგრ. სახელწოდებათა ახსნა-განმარტებანი, 1942), მონაწილეობდა სხვადასხვა სახის სასწ. პროგრამებისა და საშ. სკოლის სახელმძღვანელოების შედგენაში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. მის სახელს ატარებს თსუ ეკონ. გეოგრაფიის კათედრის კაბინეტი.
თხზ.: საქართველო, აზერბეიჯანი და სომხეთი (მოკლე ეკონ.-გეოგრ. მიმოხილვა), ტფ., 1923; სოფლის მეურნეობის ეკონომიკა. ნაწ. 1, ტფ., 1924; მსოფლიო ეკონომიკური გეოგრაფია, ტფ., 1925; საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფია, ტფ., 1925; საქართველოს რესპუბლიკის ბუნებრივი საწარმოო ძალები (მეცნ.-პოპულ. მიმოხილვა), ქუთ., 1925; გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურნი, თბ., 1942; ნარკვევები გეოგრაფიის ისტორიიდან, თბ., 1955.
ლიტ.: კვერენჩხილაძე რ., გიორგი გეხტმანი, თბ., 1969; მისივე, გიორგი გეხტმანის ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 1992 (თანაავტ. ც. ცინაძე).
რ. კვერენჩხილაძე