დოკუჩაევი ვასილი ვასილის ძე

დოკუჩაევი ვასილი ვასილის ძე [17. II (1. III). 1846, სოფ. მილიუკოვო, ახლანდ. სიჩოვსკის რ-ნი, სმოლენსკის ოლქი, – 26. X (8. XI). 1903, პეტერბურგი], რუსი ბუნებისმეტყველი, გენეზისური ნიადაგმცოდნეობის ფუძემდებელი.

1871 დაამთავრა პეტერბ. უნ-ტის საბუნებისმეტყველო განყ-ბა. ცნობილია მისი მონოგრაფია „რუსეთის შავმიწა ნიადაგები" (სადოქტორო დისერტაცია, 1883).

დ-მა 1898–99 იმოგზაურა კავკასიაში, გამოიკვლია სამხრ. კავკასიის, მ. შ. საქართველოს მრავალი რ-ნი (აჭარის სანაპირო, ბორჯომ-ბაკურიანის მიდამოები, ჯავახეთი, კახეთი, საქართვ. სამხ. გზის ზოლი). კავკასიისა და კერძოდ, საქართველოს მაგალითზე დაადგინა ნიადაგების გეოგრაფიის ერთ-ერთი ძირითადი კანონი მათი ვერტიკალური გავრცელების შესახებ. შექმნა მოძღვრება ნიადაგის ევოლუციაზე.

1946 მარტში მეცნიერის დაბადების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ნიადაგმცოდნეობაში საუკეთესო სამეცნ. ნაშრომისათვის სსრკ-ში დაწესდა დ-ის სახ. პრემია და ოქროს მედალი.

თხზ.: Соч., т. 1–9, М., 1949–61.

თ. ურუშაძე