გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე

გ. გვაზავა

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე (23. IV. 1868, სუჯუნა, სენაკის მაზრა,  – 20. I. 1941, პარიზი), იურისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართვ. ეროვნ.-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამაარსებელი და ლიდერი.

1889 დაამთავრა თბილ. მე-2 გიმნაზია, შემდეგ – მოსკ. უნ-ტის. იურიდ. ფაკ-ტი. ისმენდა ლექციებს სორბონის უნტ-ში. 1895-იდან ნაფიცი ვექილი თბილისში. 1907 მონაწილეობდა ჰააგის კონფერენციის მუშაობაში, სადაც განსახილველად შეტანილი იყო საქართვ. საერთაშ. უფლების საკითხი. ეროვნ. მოძრაობაში მონაწილეობისათვის 1910 დააპატიმრეს. გ. ეწეოდა იურიდ. პრაქტიკას, თარგმნიდა უცხოურ ლიტ-რას, თანამშრომლობდა სხვადასხვა გაზეთსა და ჟურნალში. იყო მრავალი წერილისა და ბროშურის ავტორი.

1917 თებ. რევოლუციის შემდგ გ. იყო ახლად ჩამოყალიბებული ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის, საქართვ. პარლამენტის წევრი და მისი ეროვნ.-დემოკრ. პარტიის საპარლამენტო ფრაქციის მეთაური. 1918 მაისში იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი|„საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის“ ერთ-ერთი ავტორი, 1918 ტრაპიზონის საზავო კონფერენციაზე – ამიერკავკ. დელეგაციის წევრი კონსტანტინოპოლში გამართულ მოლაპარაკებაზე, 1919–20 კი – საქართვ. დამფუძნებელი კრების წევრი და მისი ეროვნ.-დემოკრ. ფრაქციის მეთაური.

1921 შემდეგ გ. ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა პარიზში. ერთხანს ნ. ჟორდანიას ე. წ. საზღვარგარეთული მთავრობის წევრი იყო. გამოდიოდა საბჭ. ხელისუფლების წინააღმდეგ. ემიგრაციაში ეწეოდა ლიტ. საქმიანობას. გ-ს ეკუთვნის წერილების სერია „რუსთაველი“ (გაზ. „საქართველო“, 1916) და „აკადემიკოსი ნიკო მარი და შოთა რუსთაველი“ (გაზ. „საქართველო“, 1917), რ-ებშიც გაკრიტიკებულია ნ. მარის რუსთველოლოგიური ძიებანი. 1893-იდან აქვეყნებდა ლექსებსა და პუბლიც. წერილებს. თარგმნა სოფოკლეს „ანტიგონე“ (1912), „მიჯაჭვული პრომეთე“ (1935), პ. ჟ. კრებიიონის „ფარსმან, მეფე ივერიისა“, „რადამისტი და ზენობია“ (1929), ჟ. რასინის „მითრიდატე“ (1934). 1938 მადამ ანი მარსელ-პაონთან ერთად ფრანგ. ენაზე პროზაულად თარგმნა ვეფხისტყაოსნის სრული ტექსტი (პარიზი, 1938).

უ. სიდამონიძე