გვარამ (გუარამ) მამფალი

გვარამ (გუარამ) მამფალი (გ. 882), IX ს. ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, აშოტ I კურაპალატის უმცროსი ძე. მემატიანის ცნობით, ცვალებადი წარმატებით იბრძოდა არაბი დამპყრობლებისა და თბილ. ამირების წინააღმდეგ. 853 გ. მ. სომხ. მთავარ აბულაბაზად წოდებულ სმბატთან ერთად ებრძოდა ბუღა თურქს. მათი მოწოდებით მთიულები გადაეღობნენ ცხავატამდის შესულ არაბთა ლაშქარს და სძლიეს მას. გ. მ-მა შეიპყრო თბილ. ამირა გაბულოცი, რ-იც მეტად გაძლიერებულიყო და დაემორჩილებინა გარდაბნელები, და დატყვევებული ბიზანტიაში გაგზავნა. არაბებთან და მეზობელ მთავრებთან ბრძოლაში გ. მ-მა დაიპყრო ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი, აბოცი (აშოცი) და არტაანი (ამ დროს უნდა მიეღო მას „მამფლის“ წოდება). მოგვიანებით გ. მ-მა დაიპყრო სამცხეც, სადაც ააგო ციხე ლომსიანთა („ქართლის ცხოვრების“ ჭალაშვილისეული ნუსხით მასვე მიეწერება ოძრხისა და ჯვრის ციხის აშენება სამცხეში). მხარს უჭერდა იმ ეპისკოპოსებს, რ-ებიც ჯავახეთის კრებაზე არსენ I-ის კათოლიკოსად არჩევის კანონიერებას არ ცნობდნენ, რადგან გიორგი მერჩულეს ცნობით, გ. მ-ს იმ ხანებში მტრული პოზიცია ეჭირა ჯერ კიდევ დამოუკიდებელი სამცხის მთავრის, არსენ I-ის მამის, მირეანის მიმართ. მოღვაწეობის ბოლო წლებში გ. მ-მა დაპყრობილი ქვეყნები თავის ძმებს ბაგრატ I კურაპალატსა და ადარნასე I-ს, ხოლო აბოცი თავის ცოლისძმას – სომეხთა მეფეს გაუნაწილა, თავად კი ბერად აღიკვეცა და მალე გარდაიცვალა კიდეც. სუმბატ დავითს ძის ცნობით, გ. მ. გარეული არ ყოფილა თავისი ძმის ნასრას მიერ დავით I კურაპალატის მკვლელობის საქმეში. გ. მ. დაუსაფლავებიათ მის მიერ მეორედ აშენებულ ოპიზის მონასტერში, გიორგი მერჩულე გ. მ-ს დიდ მამფალსა და დიდ ხელმწიფეს უწოდებს. მისივე სიტყვით, გ. მ. ფრიად სიტყვახელოვანი და განსწავლული კაცი ყოფილა.

წყარო: გიორგი მერჩულე, ცხოვრებაჲ გრიგოლ ხანცთელისაჲ წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წგ. 1, ილ. აბულაძის რედ., თბ., 1963; მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; სუმბატ დავითის ძე, ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა, იქვე.

ა. ბოგვერაძე