გვარჯილის კლდე

გვარჯილის კლდე, კარსტული წარმოშობის მღვიმე სოფ. დიდი რგანის (ჭიათურის ზონის ტერიტ.) მახლობლად, მდ. ჭერულის მარჯვ. ნაპირზე. აქ 1916 პოლონელმა არქეოლოგმა ს. კრუკოვსკიმ აღმოაჩინა და შეისწავლა ზედა პალეოლითური ხანის (მადლენის ეპოქის) ნამოსახლარი. 1953 გაითხარა (დ. თუშაბრამიშვილი) 6 ფენა, რ-თაგან 2 კულტ. ნაშთებს შეიცავდა. სულ მოპოვებულია ქვისა და ძვლის 26 223 ნივთი (საფხეკები, საჭრისები, სხვადასხვა ტიპის დანები, მიკროიარაღები, შუბისპირები, ნემსები, ძვლის სადგისები, ბიზონის ძვლისაგან დამზადებული „მეთაურის კვერთხის“ ფრაგმენტი, რ-ზეც სიმბოლური გამოსახულებებია ამოკაწრული). დამუშავების ტექნიკითა და იარაღთა ტიპებით ორივე ფენის მასალა ერთგვაროვანია. აღმოჩენილია მეოთხეული ეპოქის ცხოველთა (დომბა, ჯიხვი, ქურციკი, შველი, ირემი, მურა დათვი, მღვიმის დათვი, მგელი, ციმბირის მაჩვი, პრომეთეოსის თაგვი, ზღარბი, კვერნა და სხვადასხვა ფრინველი) ძვლები.

მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ს. ჯანაშიას სახ. სახელმწ. მუზეუმში.

ლიტ.: თუშაბრამიშვილი დ., გვარჯილას-კლდის პალეოლითური ნაშთები, თბ., 1960; Замятнин С. Н., Палеолит Заподного Закавказья, 1 – Палеолитические пещеры Имеретии, «Сборник Музея антропологии и этнографии», 1957, [т.] 17; Круковский С., Пещера Гварджилас-клде в Ргани, «Известия Каказского музея», 1916, т. 10, в. 3; Смирнов Н. А., О некоторых млекопитающих Западного Закавказья в каменном веке, «Известия Азербайджанского ун-та», 1923–24, № 3.

დ. თუშაბრამიშვილი