ბრეგვაძე ნანი გიორგის ასული

ნ. ბრეგვაძე

ბრეგვაძე ნანი გიორგის ასული (დ. 21. VII. 1936, თბილისი), საესტრადო მომღერალი. საქართვ. და სსრკ სახ. არტისტი (1974 და 1983). შოთა რუსთაველის სახ. პრემიის ლაურეატი (1998). ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშ. ფესტივალის (მოსკოვი, 1957) და საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშ. ფესტივალის (1972) ლაურეატი.

1961 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორია (გ. მაჭუტაძის საფორტეპიანო კლასი). შემოქმედებითი მოღვაწეობა დაიწყო 1956 საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის საესტრადო ორკესტრში. 1959 გამოვიდა პროფესიულ ესტრადაზე. 1959–64 საქართვ. სახელმწ. საესტრადო ორკესტრის „რეროს“, 1964–80 კი ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის „ორერას“ სოლისტი. 1980-იდან გამოდიოდა სოლო კონცერტებით (კონცერტმაისტერ გონგლიშვილი მედეა|მ. გონგლიაშვილთან ერთად).

ბ-ის საშემსრულებლო ხელოვნებისათვის დამახასიათებელია უშუალობა, ემოციურობა, ლირიზმი. მის რეპერტუარში წამყვანი ადგილი უჭირავს ქართვ. კომპოზიტორთა საესტრადო ნაწარმოებებს. იგი პირველი და უბადლო შემსრულებელია გ. ცაბაძის („მუხამბაზი“, „ხელოვნება“, „სად იყავი მაშინ“, „სიყვარულის ჰიმნი“, „სიმღერა თბილისზე“, „საქართველოს ცა“), რ. ლაღიძის („სიმღერა ვაზზე“, „აყვავდა ნუში“), ვ. აზარაშვილის („დაკარგული სიყვარული“, „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, „დღეები მიდიან“, „ხევსურული ბალადა“, „ისევ წვიმს“, „ბრინჯაოს მხედარი“, „არ ვარ ობოლი ამ ქვეყანაზე“), გ. ყანჩელის, ბ. კვერნაძის, ს. ცინცაძის სიმღერებისა.

ბ-ს დიდი ღვაწლი მიუძღვის 60 – 70-იან წლებში ქართ. საესტრადო ლირ. სიმღერის აღმავლობაში. მაღალი ოსტატობით ასრულებს რუსი კომპოზიტორების სიმღერებს („თოვა“, „ძახველი“, „ბედნიერების კუნძული“, „ფიფქი“), განსაკუთრებით ძვ. რუსულ და ბოშურ რომანსებს („ქარავანი“, და სხვ.). ამ ჟანრში იგი წარმატებით აგრძელებს თ. წერეთლისა და ქ. ჯაფარიძის საშემსრულებლო ტრადიციებს, ავითარებს, ამდიდრებს მას ეროვნული, თვითმყოფი კოლორიტითა და საკუთარი, ინდივიდ. მანერით.

ნანი ბრეგვაძის კონცერტი, ჩაწერილია 2015 წელს https://www.youtube.com/watch?v=f9flayqwzS8&t=1090s

გადაღებულია თ. აბულაძის ფილმში „სამკაული სატრფოსათვის“ (აიშა, რეჟ. თ. აბულაძე, 1971), ,,სიყვარული აქცენტით" (ნოველა - ,,სოჭი-ბათუმი"), (2012), ,,მე პელეს ნათლია" (მაკა, 1991, რეჟ. ზ. კაკაბაძე); გაახმოვანა სიმღერები შემდეგ ფილმებში: ,,შეხვედრა მთაში (1966), ,,ორერა სრული სვლით" (1970), ,,წუთისოფელი" (1971), ,,ვერის უბნის მელოდიები" (1973), ,,ღამის ვიზიტი" (1974).

ჩაწერილი აქვს მრავალი ფირფიტა. საგასტროლოდ იყო ყოფ. სსრკ ქ-ებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში (ბულგარეთი, ჩეხოსლოვაკია, გერმანია, შვეცია, საფრანგეთი, ავსტრია, იტალია, ავსტრალია, იაპონია, აშშ, ისრაელი და სხვ.).

საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1994).

თბილისის საპატიო მოქალაქე (1995).

დაჯილდოებულია საქ. ღირსების ორდენით (1997), აგრეთვე საქ. პრეზიდენტის ,,ბრწყინვალების ორდენით" (2010). მიღებული აქვს ,,ოქროს მედალი მეცენატობისათვის", (2003), ოქროს მედალი ხელოვნებაში შტანილი წვლისათვის. მინიჭებული აქვს საქ. საუკუნის მომღერლის წოდება. არჩეულია რუსეთის ხელოვნ. აკადემიის უცხოელ საპატიო წევრად.

2000 თბილ. დიდ საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ბ.-ის ვარსკვლავი.

მ. გედევანიშვილი