გველბრუცა

გველბრუცა (Typhlops vermicularis), გველბრუცასებრთა ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი ჩვენს ფაუნაში. მცირე ზომის გველია. მისი სიგრძე 30–35 სმ აღწევს. აქვს მომრგვალო თავი და მოკლე კუდი, რ-იც ქიცვით ბოლოვდება. გავრცელებულია აზერბაიჯანში, სომხეთში, სამხრ. დაღესტანში, სამხრ. ტაჯიკეთში, საქართველოში – სამხრ.-აღმ. ნაწილში. გვხვდება თბილ. მიდამოებშიც (მაგ., ბოტანიკურ ბაღში). ბინადრობს მშრალ ფერდობებზე, ძირითადად ქვების ქვეშ, გრძელ, ვიწრო სოროებში, სადაც ერთნაირად შეუძლია მოძრაობა როგორც წინ, ისე უკან. მიწის ზედაპირზე ამოდის მხოლოდ ძლიერი წვიმების შემდეგ. მზეზე მცირე ხნით (10–15 წთ) ყოფნითაც კვდება. იკვებება პატარ-პატარა მწერებით (ძირითადად ჭიანჭველებით და მათი ჭუპრებით), ივლ.-აგვ-ში დებს 2–8 მსხვილ და წაგრძელებულ კვერცხს.

თ. მუსხელიშვილი