გველეშაპი

გველეშაპი, გველვეშაპი, ხალხური ჯადოსნური ზღაპრის პერსონაჟი, ბოროტი საწყისის განსახიერება. ქართ. ფოლკლორში გ. მრავალთავიანი, ცეცხლისმფრქვეველი, ბასრკბილებიანი ურჩხულია, რ-იც კეთილ გმირებს უპირისპირდება. უკავშირდება წყლის სტიქიას, ხშირად გვევლინება სასმელი წყლის მიმტაცებლად; წყლის საფასურად ადამიანის მსხვერპლს თხოულობს. გ. სინათლისა და სიკეთის მტერია, შთანთქავს მზესა და მზიურ გმირებს. ფერის მიხედვით განირჩევა თეთრი, წითელი და შავი გ. ეს უკანასკნელი ყველაზე ძლიერია, აქვს ფრენის უნარი. მას მავნე ფუნქციით ხშირად ენაცვლება დევი.

ლიტ.: ანდრონიკაშვილი მ., ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, ტ. 1, თბ., 1966; ჩიქოვანი მ., მიჯაჭვული ამირანი, თბ., 1947; ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 1, თბ., 1979 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 1).

მ. ჩაჩავა