გველის სურო

გველის სურო (Vinca), მცენარეთა გვარი ქენდირისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ევროპასა და დას. აზიაში გავრცელებულია 7 სახეობა; საქართველოში – 2 – V. herbacea და V. pubescens. მათგან პირველი უფრო ფართოდ არის გავრცელებული. მისი ღეროები (როგორც უნაყოფო, ისე ნაყოფიანი) გართხმული ან წამოწეული და შიშველია. მოლურჯო-იისფერი ყვავილები და თითქმის მჯდომარე ფოთლები აქვს. ყვავილობს აპრილ-მაისში. იზრდება მთის შუა სარტყლის ბუჩქნარებსა და ფერდობებზე. ორივე სახეობა სამკურნალოა, შეიცავს ალკალოიდებს – აკუმაცინს, ვინკამინს, ვინინს, პუბესცინს, რეზერპინს და სხვ. მათგან დამზადებულ პრეპარატებს (დევინკანი, ვინკაპანი) იყენებენ ჰიპერტონიული დაავადების დროს.

ზ. შენგელია