გვერგვი

გვერგვი, კირკალი, ლითონის საყელური, ყელზე სატარებელი სამკაული. ცნობილია ბრინჯაოს ხანიდან. მიდიაში, აქემენიდთა სპარსეთში, სოგდიანეში, სკვითებსა და სარმატებში წარჩინებულობის ნიშანი იყო. ატარებდნენ როგორც მამაკაცები, ისე ქალები. ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა გ-ს შუა საუკუნეებში სკანდინავიურ, სლავურ, ვოლგის, ოკის, კამის და ბალტიისპირეთის ტომებში. გალიაში თავდაპირველად ქალის სამკაული იყო, შემდეგ ტომთა ბელადების ნიშნად იქცა. ძვ. რომში მამაც მებრძოლებს გ-ებით აჯილდოებდნენ. გ. ფართოდ გავრცელებული სამკაული იყო XII–XIV სს. რუსეთში, სადაც XVI ს-მდე შემორჩა როგორც ნეფე-დედოფლის კოსტიუმის ელემენტი.

საქართველოში გავრცელდა გვიანდ. ბრინჯაოს ხანიდან. განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ადრინდ. ანტ. ხანის ძეგლებში. გვიანდ. ანტ. ხანიდან აღარ იხმარება. გ-ის ნაირსახეობაა ქართ. ეთნოგრ. ყოფაში დადასტურებული ე. წ. ხატის უღელი – ლითონის, უმეტესად რკინის რგოლი, რ-საც ყელზე ატარებდნენ რომელიმე ხატის (ძირითადად წმ. გიორგის) წინაშე დადებული აღთქმის თანახმად.

ლიტ.: საქართველოს არქეოლოგია, თბ., 1959.

ი. გაგოშიძე