გვერდნი

გვერდნი, გუერდნი, საგალობელთა კრებული. ქრისტიანულ ეკლესიაში ლიტურგიკულ ჰიმნთა რამდენიმე კრებული არსებობდა. ეს ჰიმნები ემყარებოდა მუს. ბგერათა გარკვეულ სისტემას. თავდაპირველად ბიზანტიაში საგალობლები ოთხი ხმის სისტემას ემყარებოდა. VIII ს-ში იოანე დამასკელმა ამ ოთხ ხმას, რ-თაც „ექოჲ კვირიოჲ“ (ქართულად „ჴმანი უფალნი“ ანუ „მთავარნი“) ეწოდებოდა, დაუმატა ოთხი სხვა ხმა, რ-თაც „ექო პლაგიო“ (ქართულად „ჴმანი გვერდითნი“) ეწოდა.

ქართულ საგალობელთა კრებულები ორ წიგნად იყო დაყოფილი უშუალოდ ხმების მიხედვით. პირველში მოთავსებული იყო 4 ძირითადი (ავთენტიკური) ხმის ჰიმნები და ეწოდებოდა „ჴმანი“, მეორეში – დანარჩენი 4 დამხმარე (პლაგალური) ხმის ჰიმნები და „გუერდნი“ ერქვა. იხ. აგრეთვე ოქტოიხოსი.

ლიტ.: კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960; მეტრეველი ე., ძლისპირნი და ღმრთისმშობლისანი, თბ., 1971.

კ. როსებაშვილი