გვერდწითელი გურამ ესტატეს ძე

გ. გვერდწითელი

გვერდწითელი გურამ ესტატეს ძე (დ. 12. III. 1930, თბილისი), ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი. ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1958). დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი (1953), შემდეგ მოსკოვის მ. გორკის სახ. მსოფლიო ლიტ-რის ინ-ტის ას-ისპირანტურა (1957). 1963-იდან იყო რუსთაველის სახ. ქართ. ლიტ-რის ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1979-იდან ხელმძღვანელობდა თანამედროვე ლიტ. პროცესების შემსწავლელ განყ-ბას, 1982–84 იყო ალმანახ „კრიტიკის“ მთავარი რედაქტორი. 1984-იდან – გამომც. „მერანის“ დირექტორი. მისი წერილები და ნარკვევები XX ს. ლიტ-რის საკითხებზე იბეჭდებოდა 1957-იდან ქართ. და რუს. პრესაში, გამოქვეყნებულია უცხ. ენებზე. გ-ს ეკუთვნის მონოგრაფიები, ლიტ. პორტრეტები და გამოკვლევები მ. ჯავახიშვილზე, ლ. ქიაჩელზე, დ. კლდიაშვილზე, კ. ლორთქიფანიძეზე, ე. ყიფიანზე, ნ. დუმბაძეზე, ა. სულაკაურზე, გ. ფანჯიკიძეზე და სხვ. გამოცემული აქვს წიგნები: „თანამედროვეთა მხატვრული სახეები“ (1962), „ლიტერატურული პორტრეტები, ესკიზები, წერილები“ (1968), „წერილები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე“ (1973), „ახალი ჰორიზონიტი თუ ძველი?“ (1976), „უსიყვარულოდ არ არსებობს...“ (1981), „სიმართლე, მხოლოდ სიმართლე“ (1984), „შორეულნი და ახლობელნი“ (1984), „ოთხი მწერალი – ოთხი სამყარო“ (1985), „გმირი და დრო“ (1987), „მწერლებზე და მწერლობაზე“ (1989), „ნაფიქრ-ნაიმედარი“ (1991), „თანამედროვეებზე და თანამედროვეობაზე“ (1993) და სხვ. საქართვ. რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატი (1990–91).

თხზ.: ლიტერატურული ნარკვევები, თბ., 2005; კინოზე და სხვაზეც, თბ., 2006.

გ. გაჩეჩილაძე