გვერდწითელი თამარ მიხეილის ასული

გვერდწითელი თამარ მიხეილის ასული (დ. 16. I. 1962, თბილისი), საესტრადო მომღერალი, საქართვ. დამს. (1989) და რუსეთის სახ. არტისტი (2004).

1984 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. კონსერვატორია (ნ. გაჩეჩილაძის საფორტ. კლასი), 1990 – ამავე კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკ-ტი (ა. შავერზაშვილის კლასი). 1971–79 თბილ. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლესთან არსებულ ბავშვთა ვოკალურ-საკრავიერ ანსამბლ „მზიურის“ სოლისტი იყო, 1984–95 – საქართვ. ტელე-რადიოს საესტრადო სიმფ. ორკესტრის სოლისტი. იგი წარმატებით ასრულებს როგორც საკუთარ („მრავალჟამიერ“, „სიჭაბუკე ჰქვია წამს“ და სხვ.), ასევე ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა სიმღერებს. როგორც მომღერალმა, პირველი წარმატებები და ლაურეატობა მოიპოვა ბიჭვინთის რესპუბლიკურ („ბიჭვინთა-77“) და სიმღერის საკავშ. (დნეპროპეტროვსკი, 1981) ფესტივალებზე. არის სიმღერის საერთაშ. ფესტივალების „სოჭი-81“-ის, შლაგერ - ფესტივალის (დრეზდენი, 1982) და „ოქროს ორფეოსი-88“-ის (ბულგარეთი, I პრიზი) ლაურეატი. თავის ანსამბლ „მუსიკასთან“ ერთად კონცერტებს მართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 1991 გ. მიიწვიეს პარიზში. სადაც გაიცნო მიშელ ლეგრანი და ჟან დრეჟავი. აქ დაიდო მისი პირველი კონტრაქტი ლეგრანთან. მალევე მისი პირველი წარმატებული კონცერტიც გაიმართა პარიზის „ოლიმპიაში“. გარდა ესტრადისა გ-მა დნეპროპეტროვსკის ოპერის სცენაზე წარმატებით შეასრულა კარმენის პარტია ჟ. ბიზეს ოპერა „კარმენში“, მსოფლიოში სახელგანთქმულ ტენორ ვ. გრიშკოსთან ერთად. გ. გადაღებულია ფილმებში „მზიური“ (ტელე-ფილმი, 1973), „სტალინის მეუღლე“ (2006), „შეყვარებული დონ-კიხოტი“ (2008) და სხვ. მუშაობს რუს. აკადემიის თეატრში მიუზიკლზე „ადამიანი ლამანჩიდან“ ვ. ზელდინთან ერთად. აქტიურად აწყობს გასტროლებს მსოფლიოს მასშტაბით. სიმღერებს ასრულებს 8 ენაზე (ქართ., რუს., ფრანგ., იტალ., ესპანური, ინგლ., ძვ. ებრაული და უკრაინული). გამოცემული აქვს ალბომები: „აღსარება“ (1991), „7 ბალადა“ და სხვ. მინიჭებული აქვს შემდეგი წოდებები და ჯილდოები: საქართვ. ღირსების ორდენი (1998), ინგუშეთის სახ. არტისტი (2004), „წლის ადამიანი“, კულტ. და ხელოვნებაში გაწეული წვლილისათვის (2008), აინშტაინის პრემია (2005), მსოფლიოს საპატიო მეცენატი და ქველმოქმედი (2005), „საუკეთესოთა შორის საუკეთესო“ (2006), ოქროს ვარსკვლავი (2006), ორდენი მშვიდობისათვის (2006), ეკატერინე დიდის I ხარისხის ორდენი (2007), დიაგილევის I ხარისხის ორდენი (2007), „კრემლის გრანდი“ – ტიტული საერთაშ. აღიარება (2007), „მსოფლიოს მცველნი“ (2008) და სხვ. ხშირად მართავს კონცერტებს საქართველოში. თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გახსნილია გ-ის ვარსკვლავი (2013).