გვერდწითელი ირაკლი გრიგოლის ძე

გვერდწითელი ირაკლი გრიგოლის ძე (22. XII. 1918, თბილისი,–19. XII. 1991, იქვე), ფიზიკოსი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1979; წ.-კორ. – 1967), საქართვ. მეცნ. აკად. ვიცე-პრეზიდენტი (1978–82). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).სსრკ სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1974).

დაამთავრა თსუ (1941). 1941–46 მუშაობდა თბილ. რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინ-ტში, 1946–69 – სოხ. ფიზიკა-ტექ. ინ-ტში (ამ ინ-ტის დირექტორი 1962–69), პოდოლსკის ტექნოლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (1969–76), 1976–84 იყო საქართვ. მეცნ. და ტექ. სახელმწ. კომიტეტის თავ-რე. 1984-იდან მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნ.-კვლ. ინ-ტსა და თსუ-ში.

გ-ის ძირითადი შრომები ეხება იზოტოპების განცალკევების, ატომური ენერგიისა და მყარი სხეულების ფიზ. საკითხებს. მისი ხელმძღვანელობით ჩატარებული გამოკვლევები იზოტოპების განცალკევების ფიზ. პროცესებისა და ტექნოლ. დამუშავებაში საფუძვლად დაედო ჩვენს ქვეყანაში სამეცნ.-კვლ. ცენტრის ჩამოყალიბებას (სტაბილური იზოტოპების ინ-ტი. 1963, თბილისი; ამ ინ-ტს 1992 მისი სახელი უწოდეს). გ-მა გამოიკვლია არაწონასწორულ მდგომარეობაში მყოფ ნივთიერებებში იზოტოპურად სელექციური ეფექტები და პროცესები. შეასრულა სამუშაო სითბური ენერგიის პირდაპირ ელექტრულ ენერგიად გარდაქმნის სფეროში, რაც დასრულდა მსოფლიოში პირველი თერმოელექტრული რეაქტორ-გარდამქმნელის შექმნით (1964). შეისწავლა მყარ სხეულებში იონური ლეგირების შედეგად მიმდინარე რადიაციული პროცესების ფიზ. საფუძვლები და სხვ. საქ. სსრ IX, X და XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გულდამაშვილი