გვერდწითელი რუსუდან გრიგოლის ასული

გვერდწითელი რუსუდან გრიგოლის ასული (15. VI. 1909, თბილისი, –26. I. 1994, იქვე), არქიტექტორ-რესტავრატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1967).

დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტის სამშენებლო ფაკ-ტი არქიტ. სპეციალობით (1936). 1936–41 მუშაობდა საქართვ. ხელოვნ. მუზეუმ „მეტეხში“, 1941–50– საქართვ. მეცნ. აკად. ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალში, 1950-იდან – საქართვ. კულტურის სამინისტროს სპეც. სამეცნ. სარესტავრაციო არქიტ. საწარმოო სახელოსნოში (ამჟამად სამეცნ.-საპროექტო ინ-ტი „საქრესტავრაცია“) უფროს არქიტექტორ-რესტავრატორად და საპროექტო განყ-ბის უფროსად, 1989-იდან – ისტ., კულტ. და ბუნების ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს არქიტექტორ-რესტავრატორად. მისი ხელმძღვანელობით აზომილია მრავალი არქიტ. ძეგლი, მას ეკუთვნის გორის ციხის (1951–54, 1986–87; ა. გოგელიასთან, თ. გაბუნიასთან ერთად), ანანურის ციხესიმაგრის კოშკის „შეუპოვრის“ და გალავნის ნაწილის (1951–53), დმანისის სიონის კარიბჭის (1954 –55), გერგეტის სამების ეკლესიის (1956), დაბის წმ. გიორგის ეკლესიის (1956–58), ვარძიის სამრეკლოს (1945; 1969–71), თბილ. ანჩისხატის ეკლესიის (1958–61), თბილისში როსტომ მეფის აბანოს (1960–61), წეროვანის (ეკლესია, 1966), ჭაჭკარის დარბაზის (საქართვ. ყოფისა და არქიტ. სახელმწ. მუზეუმი ღია ცის-ქვეშ, 1966–67), ატენის სიონის (1967–68), ხვილიშის ეკლესიის (1969–72; ბოლო სამი – თ. ნემსაძესთან ერთად), ბოლნისის სიონის (1968–70; თ. ნემსაძის მონაწილეობით), ნაჯიხევის რვააფსიდიანი ეკლესიის (1987–88; მ. ანდრიაძესთან, თ. გაბუნიასთან ერთად) და სხვ. რესტავრაციის უკვე განხორციელებული პროექტები. ავტორია მეცნ. ნაშრომებისა, რ-ებშიც აღწერილი და განზოგადებულია სარესტავრაციო სამუშაოების პრაქტიკა, გაანალიზებულია ცალკეულ ძეგლებზე აღდგენითი სამუშაოების მეთოდური მხარეები. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: Мцхета, Тб., 1962.

ს. კინწურაშვილი

მ. მაისურაძე