გვერძინეთი

გვერძინეთი, სოფელი ქარელის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ძამის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) ნაპირზე. სოფლის თემის ცენტრი (სოფლები: გ., აბუხალო, ელბაქიანი, კოდმანი, ლოშკინეთი, ტყემლოვანა, ქვათეთრი, წიფლოვანა). ზ. დ. 880 მ, ქარელიდან 20 კმ. 92 მცხ. (2014).

ვახუშტი ბატონიშვილთან მოხსენიებულია „გვეძინეთი“. XV–XVIII სს. გ. ციციშვილების სათავადო სახლის სამფლობელო იყო. შემორჩენილა 2 ძვ. კოშკი: ერთი დგას მდ. ძამის აღმ. ნაპირას, მეორე – დას. ნაპირას. კოშკები იცავდნენ ძამის ხეობის ქვემო ნაწილს. ორივე კოშკი გეგმით კვადრატულია, ზემოთკენ დაწვრილებული, ნაგებია თეთრი, შერჩეული წვრილი ნატეხი ქვით. სართულებშუა გადახურვა ხის იყო (მარცხ. ნაპირის კოშკს ხუთი სართული აქვს შემორჩენილი, მარჯვენას – სამი), შესასვლელი II სართულის დონეზეა. ყურადღებას იპყრობს სათოფურების შედარებით მცირე რაოდენობა, მათი სიმარტივე, მათი რაფების ჰორიზ. სიბრტყეები და არა დახრილი, როგორც ეს XVII–XVIII სს. სათოფურებშია. სათოფურების ფორმა გვაფიქრებინებს, რომ კოშკები ცეცხლსასროლი იარაღის შემოღების პირველ წლებს უნდა ეკუთვნოდეს (XVI ს.).

ლიტ.: ბერიძე ვ., XVI–XVIII საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1983.

ვ. ბერიძე

ჯ. გვასალია