გვეტაძე რაჟდენ მათეს ძე

გვეტაძე რაჟდენ მათეს ძე [29. VI] (10. VIII). 1897, სოფ. ციხია, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი,–1. XII. 1952, თბილისი], მწერალი.

დაიბადა ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ბავშვობიდანვე იძულებული გახდა სწავლა მიეტოვებინა, 12–13 წლისა უკვე სტამბაში მუშაობდა ჯერ შეგირდად, მერე - ასოთამწყობად; ამავე დროს ბევრს კითხულობდა; ლექსების წერაც ადრე დაიწყო და 1913-იდან კიდეც აქვეყნებდა. პირველი კრებ. „მთვარის ზღაპარი“ 1916 გამოსცა. ამ წლებშივე დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, მონაწილეობდა მათ ბეჭდვით გამოცემებში, საღამოებში, გამოსვლებში; 1924 მუშაობა დაიწყო გაზ. „კომუნისტის“ რედაქციაში, 1930 იყო ჟურნ. „დროშის“ რედაქტორი, 1935–50 – გამომც. „ფედერაციის“ („საბჭოთა მწერალი“) დირექტორი. 1924 გამოქვეყნებული ლექსი „პოეტები ბარიკადებზე“ თავისებური პოეტური დეკლარაცია იყო; ადრინდ. სიმბოლისტურ-დეკადენტური ლექსების (კრებულები; „ვირების მესია“, 1924; „დაბინდული ქარვები“, 1920; „ღამეები“, 1921) შემდეგ იგი ასახავდა თავისი დროის პრობლემებს („მერკვილაძის დები“, „წითელრაზმელი ქალი“, „პირველი მაისი“, პოემა „ოქროს ვერძი“). ქართ. მხატვრული პროზის განვითარებაში გ-ის როლი ძირითადად განისაზღვრება 4 ნაწარმოებით. ესენია რომანები: „თეო“ (1929), „ჭიაკოკონა“ (1931), „ლაშაური საღამოები“ (1935) და „მართალი ნოველები“ (1943); პირველ ორში, რ-ებიც თემატიკითა და იდეური მიზანდასახულობით დიდად უახლოვდება ერთმანეთს, ასახულია ახ. ცხოვრების დამკვიდრების წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდი; „ლაშაური საღამოები“ ორიგინ. კომპოზიციური ხერხით აგებული ნაწარმოებია, შეიცავს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ ნოველებს („ზღვა და სიყვარული“, „შეთხვევა კოჯრის გზაზე“, „ჩაფხან დადეშქელიანი“, „ოქროს მამალი“, „ტატაშ ემხვარი“) რ-თაც საკუთარი სიუჟეტი აქვთ, მაგრამ რომანის მთელ კომპოზიციასთან ორგანულად შერწყმული მთავარი გმირის ცხოვრების ისტორია ოსტატურად აერთიანებს და აკავშირებს მათ. „მართალი ნოველები“, II მსოფლიო ომის პერიოდის ქართ. მხატვრული პროზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, შედგება 12 ნოველისაგან, თითოეული თანმიმდევრულად განაგრძობს მთელ ციკლში აღწერილ მოვლენებსა და ამბებს და ერთ მთლიან მხატვრულ ქმნილებას წარმოადგენს. ფართო და მრავალმხრივია მწერლის თემატური დიაპაზონი; თითქმის ყველა თავის თხზულებაში გამოხატავს ეპოქის ძირითად შინაარსს – დაძაბულ ბრძოლას ძველსა და ახალს შორის, ვითარებას, რ-შიც ყალიბდება ადამიანი. მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია დრამ. დაძაბულობა, მძაფრი კოლიზიები, რაც კარგადაა გაჯერებული დინჯი, ეპიკური თხრობით. გ-ს ეკუთვნის აგრეთვე მეტად საინტერესო „ბელორუსული ნოველები“ (1935), რ-შიც კიდევ ერთხელ გამოავლინა სიუჟეტური კომპოზიციის აგების, ადამიანური ხასიათების მკაფიოდ გამოკვეთისა და ყოფითი სურათების კოლორიტულად დახატვის იშვიათი ოსტატობა. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შექმნა ვრცელი მოთხრობა „ცხოვრება იწყება თავიდან“ (1949). გ-ს ეკუთვნის აგრეთვე II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილი პატრ. ლექსები („შვილის წერილი“, 1941; „სიმღერა შალამბერიძეზე“, 1942 და სხვ.), თარგმნა რუსი, სომეხი, უკრ. მწერლების ნაწარმოებები, ინდური ეპოსი „რამაიანა“ და სხვ.

თხზ.: თხზულებანი ორ ტომად, თბ., 1955–59; მართალი ნოველები, თბ., 1967; თეო, ჭიაკოკონა, ლაშაური საღამოები, თბ., 1986.

ლიტ.: დუმბაძე ნ., რაჟდენ გვეტაძე, ბათ., 1955; ჟღენტი ბ., რაჟდენ გვეტაძე, წგ.: მწერლობა და თანამედროვეობა, წგ. 1, თბ., 1976.

გ. გვერდწითელი