„გზა“

„გზა“, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) მიმართულების გაზეთი. გამოდიოდა თბილისში (1906–07). რედაქტორ-გამომცემელი – ბარბარე ხერხეულიძე. იბეჭდებოდა ნაცვლად დროებით შეჩერებული გაზეთისა „წინ“. მუდმივ რუბრიკებად ჰქონდა: „პარტიის ცხოვრებიდან“, „მუშათა შორის“, „პროვინცია“ (ზოგჯერ – „პროვინციის ქრონიკა“), „უცხოეთი“, „რუსეთის ამბები“, „ახალი ამბები“, „დეპეშები“, „წერილები რედაქციას“, „მედიატორთა განჩინება“, „ფელეტონი“. გაზეთში ხშირად თავსდებოდა პოლემიკური სტატიები, მ. შ. აღსანიშნავია რაჟდენიძის წერილი „რას გვაბრალებენ სოციალ-ფედერალისტები?“ (1906, №3), შვარცის ხელმოწერით – „ვინ ამოირჩია სოციალ-დემოკრატიამ სათათბიროს წევრებად“ (1906, №2–3) და სხვ. გაზეთში დაბეჭდილ წერილთა უმრავლესობა ან ხელმოუწერელია, ან ხელმოწერილია ფსევდონიმებითა და ინიციალებით (ფ. რუშაველი, ირეთელი, ვანო, „შ“, „გ“, „კ“ და სხვ.). უხვად იბეჭდებოდა რეკლამები და განცხადებებიც. დაიხურა თბილ. გენერალ-გუბერნატორის განკარგულებით.

ც. ნოზაძე