ბოლქვაძე ელისო ზაურის ასული (დ. 2. I. 1967, თბილისი), პიანისტი, საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). მუსიკოს-შემსრულებელთა არაერთი საერთაშ. კონკურსის ლაურეატი: ბახის (ლაიფციგი, 1984), ვიანა და მოტას (ლისაბონი, პორტუგალია, 1987), ვან კლაიბერნის (ფორტ-უერთი, აშშ, 1989) და სხვ. მ. ლონგის კონკურსზე (1995, პარიზი) მიღებული აქვს „სპეციალური პრიზი“ ფრანგული მუსიკის საუკეთესო შესრულებისათვის.
1989 დაამთავრა თბილისის სახელმწ. კონსერვატორია და ასპირანტურა პროფ. თ. ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. 1992–95 იყო თბილ. კონსერვ. პედაგოგი. 1995-იდან ცნობილი მუსიკოსის და იმპრესარიოს მ. სონის მიწვევით სწავლობდა საფრანგეთში. 2013 დააარსა საქველმოქმედო ფონდი „ლირა“, რ-იც ხელს უწყობს ახალგაზრდა ნიჭიერი ქართველი პიანისტების წარმატებას. ამავე წელს დააარსა კლასიკ. მუსიკის ბათუმის საერთაშ. ფესტივალი (არის მისი სამხატვრო ხელმძღვ.).
ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ავსტრიაში, „ვილა შინდლერში“ (საზ-ბა „ხელოვნება და ხელოვნების მოღვაწეები ვილა შინდლერში“).
ბ-ს შესრულებისათვის დამახასიათებელია არტისტიზმი, მაღალი ოსტატობა, ემოციურობა. მას რეგულარულად იწვევენ მსოფლიოს ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ დარბაზებში როგორც სოლო კონცერტებით, ასევე ორკესტრებთან ერთად. ჩაწერა ალბომები, სადაც შესულია ბეთჰოვენის, რახმანინოვის და ლისტის ნაწარმოებები. 2015 გერმ. კომპანიამ გამოსცა მისი ალბომი შუბერტისა და პროკოფიევის ნაწარმოებებით, რისთვისაც მას „მაესტრო პიანისტის“ საპატიო წოდება მიენიჭა. ფრანგულმა ეროვნ. არხმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი დოკ. ფილმი ბ-ის შემოქმედებაზე საქართველოსა და საფრანგეთში.
2015 მიენიჭა „იუნესკოს მშვიდობის არტისტის“ წოდება და დაჯილდოვდა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ორდენით ლიტერატურასა და ხელოვნებაში. 2019 მიენიჭა პრემია „საგურამო“ მუსიკის დარგში.
ქართული კულტ. ხელშეწყობისა და შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2018).
2020-იდან არის საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრი, ხოლო 2021-დან მისი კულტურის კომიტეტის თავ-რეა.