ბახტაძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (დ. 6. VIII.1967, თბილისი), ისტორიკოსი, ისტორიის მეცნ. დოქტორი (2005).
1992 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1991–2012 მუშაობდა თბილისის სხვადასხვა სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში, ი. აბაშიძის სახ. ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციაში. 1997-იდან მუშაობს თსუ-ში წყაროთმცოდნეობისა და ისტორიოგრაფიის ლაბორატორიის მეცნ.-თანამშრომელად (2005-იდან თსუ-ის ასოცირებული პროფესორი). 2005-იდან არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნ. ცენტრის საქართველოს ისტორიისა და საზ. მეცნიერებების ჯგუფის მთავარი სპეციალისტი; პოლონეთ-საქართველოს ისტორიკოსთა საერთაშ. კომისიის წევრი (2017-იდან), ისტორიკოსთა რუმინულ-ქართული კომისიის თანახელმძღვანელი (2019-იდან);
2009–14 – თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკ-ტის სადისერტაციო საბჭოს ისტორიის სექციის თავ-რე, 2010–14, 2018-2022 თსუ-ის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი), 2022-იდან თსუ-ის აკადემიური საბჭოსა და (2011-იდან) ჟურნ. „ქართველოლოგიის“ სარედაქციო საბჭოს წევრი.
ბ-ის სამეცნ. კვლევის სფეროებია: შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწ. წყობილების საკითხები, ფეოდალური საგვარეულოები, 1918-21 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო ისტორია, პოლონურ-ქართული ურთიერთობები 1917–39.
ბ. არის 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი (მ. შ. 9 მონოგრაფიისა), საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების თანაავტორი (VII–X კლასებისთვის), მონაწილეობდა 60-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშ. კონფერენციაში. მუშაობდა პოლონეთის რამდენიმე არქივში, მიიღო ტ. ფილიპოვიჩის სახ. ჯილდო (2019).
თხზ.: ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში,, თბ., 2003; ჯაყელთა საგვარეულოს ისტორია XI–XV საუკუნეებში, თბ., 2008; 1921 წლის რუსეთ-საქართველოს საბრძოლო მოქმედებების ისტორიიდან, თბ., 2013; გენერალი ილია ოდიშელიძე, თბ., 2017; დემეტრე II, თბ., 2019.